28 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
ამნისტია შეიძლება გაჭიანურდეს, უმჯობესი იქნება, თუ პროკურატურა ნიკა მელიას უბრალოდ გაათავისუფლებს - ნინო ლომჯარია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პატიმრობაში მყოფი თავმჯდომარის გათავისუფლების შესაძლო მექანიზმებზე და ნიკა მელიასთან საპყრობილეში გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. ნინო ლომჯარიას თქმით, ეს შეხვედრა არ ემსახურებოდა ნიკა მელიას დარწმუნებას იმაში, რომ მას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების აღსრულება რამენაირად თავისი გადაწყვეტილებით გაემარტივებინა:

"მე შევედი იქ, რომ პირველ რიგში გავსაუბრებოდი ნიკა მელიას, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ამ შეთანხმების საკითხებში. მაინტერესებდა მისი მდგომარეობა, მისი განწყობები.

მე ნამდვილად არ მივცემდი ჩემს თავს უფლებას, რომ ჩემ მოსაზრებები, ან რჩევები მომეხვია ნებისმიერი პატიმრისთვის, თუმცა ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად შექმნილ მდგომარეობაზე და მე მას ძალიან გულწრფელად ვესაუბრე ჩემს ხედვებზე. მე გულწრფელად მჯერა და ვარ საკმაოდ ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ შეთანხმებას ამ ქვეყნისთვის, არა იმ პუნქტების გამო, არამედ ფაქტსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა სამომავლო პერსპექტივებისთვის. შეთანხმების მიუღწევლობას ექნებოდა ცუდი შედეგები და შეიძლება ისტორიული შეცდომაც კი ყოფილიყო. ამიტომ მე ვეცადე ჩემი მოსაზრებები გამეზიარებინა," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნიკა მელიასთვის კვლავ მიუღებლად რჩება გირაოს მეშვეობით გათავისუფლება. თუმცა როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, თავისი სირთულეები ამნისტიის შედეგად გათავისუფლებასაც ახლავს თან. ოპტიმალურ ვარიანტად ომბუდსმენი პროკურატურის გადაწყვეტილებას მიიჩნევს ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით:

"მისი ერთადერთი პოზიცია, რაც მე გავაჟღერე, არის ის, რომ მისთვის მიუღებელია გათავისუფლდეს გირაოს გზით. არ ყოფილა მასთან შეთანხმებული გირაოთი გათავისუფლება. რაც შეეხება ამნისტიას თუ იქნება მიღებული, მას არ ექნება ბერკეტი, რომ უარი თქვას. ამნისტიას აქვს თავისი უარყოფითი მხარეები, არ ვიცით დროში რამდენი ხანი შეიძლება გაჭიანურდეს, შეიძლება მის ფორმულირებებთან დაკავშირებით ახალი დისკუსია ან დაპირისპირება დაიწყოს.

მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში უნდა დაიხუროს ყველა ის საქმე, რომელშიც სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივი ფიგურირებს. თუ ჩვენ გვინდა მომავალში განვითარება, უნდა დავასრულოთ სავარაუდო პოლიტიკური მოტივით ადამიანების დევნა. ამნისტიას ექნება წინააღმდეგობრივი საკითხები, ალბათ უმჯობესი იქნებოდა და იქნება, რომ პროკურატურა უფრო მარტივად გამოიყენებს მის უფლებამოსილებას და უბრალოდ გაათავისუფლებს მას პატიმრობიდან," - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები