28 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასრულებას სტრატეგიული პარტნიორები პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებს ულოცავენ

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ყველაზე დიდ გამარჯვებულად ქართველ ხალხს აცხადებენ.

ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასრულებას სტრატეგიული პარტნიორები პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებს ულოცავენ, თუმცა წამახალისებელი ეპითეტები ისმის პოლიტიკური პარტიების მისამართითაც.

საქართველო ელოდება, რომ ამით არათუ დასრულდება საუბარი შესაძლო ფინანსურ სანქციებზე, არამედ პირიქით დაიწყება მეტი დახმარება და რეალური წინსვლის გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

ბრიუსელში აცხადებენ, რომ შარლ მიშელის თბილისში ვიზიტი კიდევ ერთი სიგნალია, რომ ევროკავშირისთვის საქართველო მნიშვნელოვანია.

ევროპარლამენტარები მიესალმებიან დოკუმენტზე პოლიტიკოსების მხრიდან ხელის მოწერას და ამას პოლიტიკური კრიზისის დასრულებად აფასებენ . ევროპარლამენტარები -მარინა კალიურანდი, პეტრას ავსტრევიჩიუსი მიიჩნევენ, რომ ახლა მთავარია ხელმოწერები ხელმოწერებად არ დარჩეს და ქართულმა პოლიტიკოსებმა მისი იმპლემენტაცია შეძლონ.

"ეს ქვეყნისთვის დიდი დღეა . იმედი მაქვს რომ ახლა საქართველო დაიწყებს იმ საკითხებზე მუშაობას რაც მართლა მნიშვნელოვნია- იქნება ეს სასამართლო, თუ საარჩევნო რეფორმა, ასევე პანდემია . ევროკავშირი და შარლ მიშელი მზად არიან გარისკონ თავიანთი პოლიტიკური შესაძლებლობები საქართველოში ჩამოსვლით - ასეთ კრიზისში .ნამდვილად კარგი ნაბიჯია საქართველოში ჩამოსვლა და იმ ადამიანების გამხნევება ვინც დოკუმენტს ხელი მოაწერა, ასევე მათი დახმარება დოკუმენტის იმპლემენტაციაში . ეს ნიშნავს რომ ევროკავშირი საქართველოს ერთგულია . ევროკავშირი არა მხოლოდ განცხადებებს აკეთებს არამედ მოდის და რეალურ მხარდაჭერასაც უცხადებს პარტნიორებს, მეგობრებს, ვისთანაც ჩვენ უფრ მჭიდრო ურთიერობა გვსურს," - აცხადებს მარინა კალიურანდი.

ევროპარლამენტარი პეტრას ავსტრევიჩიუსი ამბობს, რომ ახლა მოლოდინები შეთანხმების აღსრულებისკენაა მიმართული.

"მოხარული ვარ რომ ორივე მხარემ ჩვენი გზავნილები კარგად გააცნობიერეს. ამ ყველაფერმა ცხადია დრო წაიღო, თუმცა სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ჩვენი მესიჯი იყო ერთგვარი დამხმარე ხელი -ანუ კარგი დოკუმენტი, რომელიც არ გულისხმობდა რომ ერთის ხელის მოწერა მეორის დაზარალებას ნიშნავდა და პირიქით . შარლ მიშელის ჩამოსვლა ჩვენი მხარდაჭერისა და ჩართულობის გამოხატულებაა. ჩვენ ლექციას კი არ გიტარებთ, არამედ ვრისკავთ ჩვენს ნდობასა და პრესტიჟს. საქართველომ ევროკავშირისგან ძალიან ბევრი ყურადღება მიიღო, თქვენი ქვეყანა ჩვენს დღის წესრიგში საკმაოდ ხშირად მოექცა. ახალა კი თუ ყველაფერი ეტაპობრივად შესრულდება, ეს წინსვლის გზა იქნება. ახლა მოლოდინები მოლაპარაკების მაგიდისკენაა მიმართული. მოდი დავამტკიცოთ, რომ ხელმოწერები რეალურია," - განაცხადა პეტრას ავსტრევიჩიუსმა.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ საბოლოოდ პოლიტიკოსების უმრავლესობამ გააცნობიერა რომ უმჯობესია კომპრომისის პოვნა, ვიდრე რადიკალიზაცია.

"რაც მოხდა კარგი სიგნალია - ვფიქრობ, რომ დოკუმენტზე ხელის მოწერა ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან ევროინტეგრაციისკენ სწრაფვისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ერთობლივი შეხვედრები, რაც შედგება ბრიუსელში, ვაშინგტონში და თბილისში, ასევე მსჯელობა პრობლემების გადალახვაზე, კონსენსუსის მიღება ნამდვილად წინ წაწევს საქართველოს ევროინტეგრაციისთვის.

საბოლოოდ პოლიტიკოსების უმრავლესობამ გააცნობიერა, რომ უმჯობესია კომპრომისის პოვნა, ვიდრე რადიკალიზაცია და ქვეყნის კიდევ უფრო პოლარიზება. ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, ვინც ამ შეთანხმებაში მონაწილეობს. ვიცი რომ ეს არ იყო მარტივი. ეს იყო ხანგრძლივი მოლაპარაკების პროცესი რაც ამად ღირდა. ვიმედოვნებ რომ ეს არ იქნება მხოლოდ ხელმოწერა და მოხდება დოკუმენტის იმპლემენტაცია," - აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.

დღის ამბები