28 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
სამხრეთ კავკასიაში საქართველო რჩება სტაბილურ პარტნიორად, რომელსაც აქვს წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში - ტოდ უოლტერსი

დღეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის თავდაცვის ქვეკომიტეტში იყო დახურული შეხვედრა ამერიკის ევროპული სარდლობის მეთაურთან, გენერალ ტოდ უოლტერსთან.

კომიტეტმა გაავრცელა უოლტერსის მოხსენების საჯარო ნაწილი, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოზეც არის საუბარი.

"დღეს რუსეთი განაგრძობს ჩარევას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების პოლიტიკაში, მათ შორის, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში“ - ვკითხულობთ ტოდ უოლტერსის მოხსენებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთი იყენებს არატრადიციულ საშუალებებს, როგორიცაა დეზინფორმაციული კამპანიები, მავნე კიბერაქტივობები და სამხედრო კამპანიების გამოყენება.

"ეს საშუალებები ხელს უწყობს ნახევრად ფარული, მავნე მოქმედებების განხორციელებას ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების დაშინების, დასუსტებისა და გაყოფისთვის,“ - ვკითხულობთ ამერიკელი გენერლის მოხსენებაში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ კრემლი ახდენს გავლენას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე რეგიონული დაძაბულობის მანიპულირებისა და მოუგვარებელი სამხედრო კონფლიქტების გზით.

"კრემლს მიაჩნია, რომ ამ სფეროში ქრონიკული არასტაბილურობა რუსეთის რეგიონული ჰეგემონიის შესაძლებლობას იძლევა. რუსეთი ინარჩუნებს ბერკეტებს საქართველოზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციით, ბლოკავს ხალხისა და საქონლის თავისუფალ გადაადგილებას საქართველოს ტერიტორიაზე, აკავებს და ავიწროებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მახლობლად მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას და ძირს უთხრის საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებს,“ - მიიჩნევს ტოდ უოლტერსი.

ამასთან, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ: "სამხრეთ კავკასიაში საქართველო რჩება სტაბილურ პარტნიორად, რომელსაც აქვს წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში“.

დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ავღანეთში.

დღის ამბები