28 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
რა მექანიზმები არსებობს ნიკა მელიას გასათავისუფლებლად - ენმ პარტიის თავმჯდომარის უპირობო გათავისუფლებას ითხოვს

"ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციის დიდ ნაწილს შორის გაფორმებული შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი პატიმრების - ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაა.

გიორგი რურუას პრეზიდენტი შეიწყალებს, ხოლო ნიკა მელია, შეთანხმების თანახმად, ამნისტიის შედეგად უნდა გათავისუფლდეს, თუმცა ნიკა მელიას ადვოკატს პოლიტიკოსის გასათავისუფლებლად ბრალის გაუქმება ყველაზე სწრაფ და რეალურ ნაბიჯად მიაჩნია. ამასთან, მისი თქმით, სხვა ალტერნატივაც არსებობს - პროკურატურას შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლება.

აღკვეთის ღონისძიების ცვლილებას ელოდება მესამე სექტორი. იურისტები ამბობენ, რომ ნიკა მელიას პატიმრობაში ყოფნის არგუმენტები, რაც მოიცავს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეს, არ არსებობს. 

მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების არაერთ გზას ხედავენ ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებმაც დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს. ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის საპატიმროდან გამოსვლის მექანიზმს შეთანხმება უზრუნველყოფს. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" პოზიციები უცვლელია - მელია გირაოს გადახდას არ აპირებს. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ მათი თავმჯდომარის უპირობოდ გათავისუფლება "ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული, ისევე, როგორც გიორგი რურუას შეწყალება - პრეზიდენტზე.

მმართველი გუნდი კი მელიასგან კვლავ ელოდება გირაოს გადახდას. ამბობენ, რომ ამნისტიის კანონზე მუშაობა სწორედ ამის შემდეგ დაიწყება. 

დღის ამბები