28 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
ვინ მოაწერა ხელი "საქართველოს წინსვლის გზას" - ევროსაბჭოს მედიაციით მიმდინარე დიალოგი შეთანხმებით დასრულდა

არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ შეთანხმებულ დოკუმენტს, რომელსაც არ აქვს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა, ოპოზიციური პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის ხელმოწერა აქვს, რომელიც პარტიიდან მოლაპარაკების საკითხზე უთანხმოების გამო წავიდა.

ის, რაც არც "ევროპული საქართველოსთვის" არაა შეთანხმებისთვის საკმარისი, მისაღებია პარტიული სიით გასული დეპუტატებისთვის. არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე დღეს დოკუმენტის ერთ-ერთი პირველი ხელმომწერები იყვნენ.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს გიორგი გახარიას გუნდის წევრებმაც. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დღეს ხელმოწერები დატოვეს მათ, ვინც პარლამენტში პირველი ოპოზიციური პარტიის სახელით შევიდნენ და მათაც, ვინც ამ სტატუსს საკანონმდებლო ორგანოში მალე მიიღებენ. გადაწყვეტილების მიზეზად პოლიტიკოსები ყველაზე ხშირად ეროვნულ ინტერესებს ასახელებენ.

დოკუმენტის პირველი ხელმომწერი მოლაპარაკების პროცესის მონაწილე თითქმის ყველა პარტია იყო. ორბელიანების სასახლეში გვიან საღამოს ოფიციალურად გაფორმებულ 11 ხელმოწერას შორის გუშინვე აისახა ინდივიდუალურად მიღებული გადაწყვეტილებები - სალომე სამადაშვილისა და დავით ბაქრაძის.

ფასილიტატორი ელჩებისა და დისტანციურად ბრიუსელიდან ჩართული შარლ მიშელის წინაშე დოკუმენტს ხელი მოაწერეს "ქართულმა ოცნებამ", "ლელომ", "სტრატეგია აღმაშენებელმა", ორივე "გირჩმა" და მანამდე პარლამენტში შესულმა "მოქალაქეების" ლიდერმა. პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს დღეს დილიდან 10-მდე ხელმომწერი შეემატა. ის ჯერ კიდევ ღიაა სხვა პარტიებისა და პარლამენტის ინდივიდუალური წევრებისთვის.

დღის ამბები