28 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
იკვეთება, თუ არა გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის თანდასწრებით - შსს "კურიერის" მიერ გადაღებულ კადრებს სწავლობს სადაც ბესო ზანგური ფიგურირებს

ბესო ზანგურის წინააღმდეგ შესაძლოა გამოძიება დაიწყოს, თუმცა, ამჯერად, საუბარი ოჯახში ძალადობის აქამდე გახმაურებულ ფაქტზე არ არის. ნინუცა მაყაშვილზე ძალადობის შესახებ რეპორტაჟის მომზადებისას "კურიერის" კამერამ, სრულიად შემთხვევით გადაიღო კადრი, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ბესო ზანგურის მხრიდან დანაშაულის ნიშნებს.

"კურიერმა" იურისტებთან და ბავშვთა უფლებების დამცველებთან კონსულტაციის შემდეგ, მასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა, თუმცა, ვიდეოს ჩვენ დღეს გარკვეული მიზეზების გამო, არ ვასაჯაროებთ. 

დღეს, რუსთაველის თეატრის წინ ნინუცა მაყაშვილის მხარდასაჭერი აქციაც გაიმართა, სადაც სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საპროტესტო აქციაზე მსახიობთა ნაწილი გავიდა და რობერტ სტურუას დაცვას შეეცადა. აქტივისტები მსახიობ ბესო ზანგურის თეატრიდან გაშვებასთან ერთად რობერს სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლებასაც ითხოვდნენ. თეატრიდან აქციაზე მისულმა მსახიობებმა კი თქვეს, რომ სტურუას გადადგომის მოთხოვნა მათთვის მიუღებელია.

მსახიობებისგან განსხვავებით სტურუას გადაწყვეტილება ბესო ზანგურის ყველა როლიდან დროებით მოხსნასთან დაკავშირებით, საკმარისი არ აღმოჩნდა ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის.

ბესო ზანგური მედიასთან კომენტარებს აღარ აკეთებს. რობერტ სტურუას გადაწყვეტილებას კი სოციალური ქსელით გამოეხმაურა და თქვა, რომ როლებიდან მოხსნა მისთვის უდიდესი დარტყმაა.

ნინუცა მაყაშვილზე შესაძლო ძალადობის ფაქტის შესწავლა დაიწყო ომბუდსმენის აპარატმა. 

დღის ამბები