2011 წელს აღებული საგარეო ვალი ახალი ვალით ჩანაცვლდა. კერძოდ, საქართველომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ხუთწლიანი ევროობლიგაციები გამოუშვა. ამ შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდის საპროცენტო განაკვეთი 2.75%-ით განისაზღვრა, რაც 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების საპროცენტო განაკვეთზე, დაახლოებით, ორნახევარჯერ ნაკლებია.
დაბალი საპროცენტო განაკვეთი სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელია ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის. კობა გვენეტაძის მტკიცებით, პანდემიის უპრეცედენტო შოკის გათვალისწინებით, საერთაშორისო ინვესტორები საქართველოს ეკონომიკას ნდობას უცხადებენ.
ახალი საგარეო ვალის საპროცენტო განაკვეთს იწონებს ოპოზიციაც, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები აქცენტს მსოფლიოში საფინანსო ბაზრებზე ზოგადად არსებულ დაბალ პროცენტზე აკეთებენ.
ოპონენტებისგან განსხვავებით, კონკრეტული ტრანზაქციით სარგებელს პროგნოზირებენ მმართველ გუნდში.