28 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
"ქართული ოცნება" შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს აწერს - რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია

"ქართული ოცნება" ევროკავშირის მედიაციით შექმნილ დოკუმენტს ცალმხრივად ხელს აწერს, თუმცა შარლ მიშელის მიერ დატოვებული და მედიატორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ხელმოწერასთან ერთად გუნდი დამატებითი ინიციატივით გამოდის, რომელიც, ნაწილობრივ, ვადამდელ არჩევნებზე მისასვლელი გზაცაა. კერძოდ, თუ ”ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებზე 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მზადაა, ვადამდელი საკითხის განხილვა დაიწყოს.

დოკუმენტის პირველივე თავი პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებას ეხება, სადაც ერთ-ერთი ქვეპუნქტია ის, რომ 2019 წლის ივნისის მოვლენებზე დაკავებულებს ამნისტიის კანონი შეეხოთ, რაც, ნაწილობრივ, ნიკა მელიას გათავისუფლების წინაპირობაცაა, თუმცა, არა რურუასი - რაც ოპოზიციის ერთი ნაწილისთვის პრინციპულ საკითხად რჩება. ესეც რომ არა, ”ნაციონალური მოძრაობა”, ”ევროპული საქართველო” და ”გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის” დოკუმენტის ხელმოწერაზე ცალსახა უარს იმიტომ ამბობენ, რომ მათ მოთხოვნების შესრულებაზე გარანტიები ვერ მიიღეს, განსაკუთრებით კი 40%-იანი კომპონენტი დაიწუნეს.

ნაკლებად ხისტები იყვნენ შეფასებებში ოპოზიციის სხვა ნაწილში, სადაც თალაკვაძის შეთავაზებას ბოლომდე კომპრომისს ვერ არქმევენ და მხოლოდ ის შთაბეჭდილება რჩებათ, რომ ამერიკაში მყოფ ირაკლი კობახიძეს პარტნიორები მკაცრად დაელაპარაკნენ. აქ თვითმმართველობის არჩევნებზე 40%-იანი ბარიერიც და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული გზავნილებიც დაიწუნეს, თუმცა ამასთან ისიც თქვეს, რომ საკითხს განიხილავენ, გუნდშიც და ერთმანეთშიც და ამის საფუძველზე მიიღებენ გადაწყვეტილებას. ის, რაც ცალსახად არ მოსწონთ, თვითმმართველობებზე ”ოცნების” გარანტირებული უპირატესობაა.

”ქართულ ოცნებაში” უარყოფენ, რომ კომპრომისული ნაბიჯი ამერიკელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე მიიღეს, ამის არგუმენტად სოზარ სუბარი ყვება, რომ რამდენიმე დღის წინ დიპლომატებთან შეხვედრაზე მოვლენათა ამგვარ განვითარებაზე ისედაც საუბრობდა. 

დღის ამბები