28 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
მძევლები, ევაკუირებული მოსახლეობა, გადაკეტილი ქუჩები - რას ითხოვდა ავლაბარში, "საქართველოს ბანკში" შეჭრილი თავდამსხმელი, უცნობია

შეიარაღებული პირი ავლაბარში მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში დღის პირველის ნახევარზე შეიჭრა. შენობაში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, იმ დროისათვის ბანკის თანამშრომლები და მომხმარებლები იმყოფებოდნენ.

თითქმის ერთსაათიანი მომზადების შემდეგ, თავდამსხმელთან მოსალაპარაკებლად ბანკის შენობაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე და თბილისის პოლიციის უფროსი შალვა ბედოიძე შევიდნენ, მათ ეტაპობრივად მძევლები გამოიყვანეს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი იყო, მოხდა მაღაზიებიდან თანამშრომლების ევაკუირება, მუშაობა შეწყვიტა მეტროსადგურმა.

მას შემდეგ, რაც შენობა სამართალდამცველებმა დაიკავეს, თავდამსხმელის აყვანის სპეცოპერაცია დასრულებულად გამოცხადდა.

ვინ არის ნიკა წურწუმია - დღეს ამ საკითხის გარკვევას მედია თბილისსა და ზუგდიდში ცდილობდა. ბანკზე თავდამსხმელის შესახებ მეტი იციან ზუგდიდში, სადაც წურწუმია იზრდებოდა. ახალგაზრდა მამაკაცის მშობლები ემიგრაციაში არიან და ის ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. ნათესავები და მეზობლები ამბობენ, რომ წურწუმიას ფსიქიკური პრობლემები აქვს.

ზუგდიდისგან განსხვავებით, წურწუმიასთვის ფსიქიკური პრობლემები არ შეუმჩნევიათ თბილისში, სადაც ის ბოლო 6 თვის განმავლობაში ცხოვრობდა. მათ შორის, თაბუკაშვილის ქუჩაზე, სწორედ აქ ცხოვრობდა 28 წლის მამაკაცი დაქორწინების შემდეგ მეუღლესთან ერთად. თუმცა წყვილმა ბინა გაყიდა და წურწუმია იანვრის შემდეგ იქ აღარ უნახავთ.

სპეცოპერაცია დღეს ისე დასრულდა, რომ ნიკა წურწუმიას კონკრეტული მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა - რას ითხოვდა თავდამსხმელი და აქვს თუ არა მას რეალურად ფსიქიკური პრობლემები, ამას გამოძიება დაადგენს. წურწუმია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

დღის ამბები