შეერთებული შტატების მორიგი სანქციები რუსეთს - შეერთებული შტატებიდან 10 რუს დიპლომატს აძევებენ, ასევე შეზღუდვებს უწესებენ რუსეთის ფინანსურ ინსტიტუტებს და ფიზიკურ პირებს. შავ სიაში სულ 32 ფიზიკური და იურიდიული პირი მოხვდა.
ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ რუსეთის სამთავრობო და სადაზვერვო მოქმედებები, ამერიკულ კომპანია "სოლარვინდზე" მასშტაბური კიბერთავდასხმა და აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა ის მიზეზებია, რის გამოც ჯო ბაიდენმა სანქციების ახალი პაკეტი გამოსცა.
მოსკოვი საპასუხო ზომებით იმუქრება. კიბერთავდასხმებისთვის ამერიკის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხოების დაზიანებისთვის, ასევე, იმის გამო, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, მათ შორის, ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას.
"ეს ქმედებები მიზნად ისახავს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, მისი უგუნური ქმედებების გამო," - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. ვაშინგტონის გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, მოსკოვი საპასუხო ზომების მიღებით დაიმუქრა. ამერიკის ელჩი მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და მოსალოდნელი საპასუხო ნაბიჯების შესახებ გააფრთხილეს.
რუსმა დიპლომატებმა, რომლებსაც ქვეყნიდან აძევებენ, შეერთებული შტატები ერთი თვის ვადაში უნდა დატოვონ. საქმე ეხება თანამშრომლებს როგორც ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოში, ასევე ნიუ-იორკის მისიაში აკრედიტებულ დიპლომატებს.