28 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
აიკრძალება თუ არა ტაქსიში სიგარეტის მოწევა - დეპუტატები კანონში ცვლილების შეტანას განიხილავენ

შესაძლოა, პარლამენტმა "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილება შეიტანოს, რომლითაც ტაქსიში მოწევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გახდება და დამრღვევთა დაჯარიმებას გამოიწვევს.

"თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოში მოქმედ კანონში შესატან ცვლილებებში პარლამენტში არის საუბარი და მას, ჯერჯერობით, რეკომენდაციის ფორმა აქვს. უცნობია, როდის გეგმავს მმართველი გუნდი მისი კანონპროექტის სახით ინიცირებას.

საკანონმდებლო მაცნეზე განთავსებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ კანონპროექტზე საუბარი დროულია.

"გამოიკვეთა, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში, თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს,”- ნათქვამია დოკუმენტში.

დადგენილებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ტაქსებში მოწევის აკრძალვასთან ერთად უნდა აიკრძალოს მცირეწლოვანთან თანდასწრებით ავტომობილებში თამბაქოს მოხმარებაც.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო კახაძემ "რუსთავი 2-თან" განაცხადა, რომ საზოგადოებაში საკმაოდ მაღალი თვითშეგნებაა და კანონის აღსრულებას ეს გაამარტივებს.

"ეს არის წინადადება, რომლის განსახილველადაც ვიწყებთ მუშაობას. ამაზე მოსახლეობამ, მედიამ და ფართო ფენებმა დისკუსია უნდა დაიწყონ. ეს არ არის ჯერ კანონპროექტი. 

გახსოვთ, ალბათ, რამდენად დიდი აჟიოტაჟი იყო, როდესაც მიდიოდა საუბარი რესტორანში მოწევის აკრძალვაზე. ახლა მოსახლეობის 86% ამ კანონს დადებითად აფასებს. 

ახლა თამბაქოს გარე რეკლამას ვერსად ვერ ნახავთ, სკოლის სიახლოვეს ვერსად ნახავთ რეკლამას, ვერ ნახავთ რეკლამას ტელევიზიაში, ასევე, ვერ ნახავთ მაღაზიებში დაუფარავ მდგომარეობაში თამბაქოს. 

ამ კანონპროექტის ინიცირება, შესაძლოა, მოხდეს 2022 წლისათვის. 

მოსაფიქრებელია, როდესაც ტაქსის მძღოლი თავად მწეველია ამ შემთხვევაში რა უნდა მოხდეს. უამრავი საშუალებაა, რითაც შეიძლება ადამიანი გამოვიხსნათ ამ პანდემიიდან, რასაც მწეველთა პანდემია ჰქვია. 

რთულად ჩანს ამ ყველაფრის დაკანონება, მაგრამ სასტუმროებზე და რესტორნებზე ხალხი ძალიან კარგად წამოგვყვა და ეს უნდა მოხერხდეს შემხვედრი ნაბიჯებით,"-აღნიშნა ლადო კახაძემ. 

პარლამენტმა "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის აღსრულების თაობაზე სპეციალური დადგენილება მიიღო. პარლამენტის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში დადებითად ფასდება კანონის აღსრულების მდგომარეობა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახეზეა ამ რეფორმის აღსრულების 96%-იანი მაჩვენებელი. საქართველოს მოსახლეობის 86% გამოთქვამს მხარდაჭერას და კმაყოფილებას რეფორმის დანერგვის გამო, რაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ჩატარებული გამოკითხვებით დასტურდება.

დღის ამბები