28 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
"ის წლები, რაც მე გავატარე რუსთაველის თეატრში, ვერ ვიტყვი რომ ბედნიერი იყო..." - რა დამოკიდებულება ჰქონდა რობერტ სტურუას ნინუცა მაყაშვილის მიმართ

უკავშირდებოდა თუ არა ნინუცა მაყაშვილის რუსთაველის თეატრიდან გაშვება მასსა და მის ყოფილ ქმარს შორის არსებულ ურთიერთობას. ამასთან დაკავშირებით ნინუცა მაყაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ მიზეზი მისთვის უცნობია, რადგან ის თავის საქმეს პროფესიონალურად ასრულებდა და ყოფილ ქმართან არსებული ურთიერთობა მის საქმეზე არ ასახულა:

"მე თეატრიდან გამიშვეს 3-4 წლის უკან, მიზეზი ჩემთვის დღემდე უცნობია. ერთ-ერთი ვერსია იყო, რომ თეატრი სათანადოდ არ მიყვარს. ჩემი მიზეზით არც სპექტაკლი ჩაშლილა, არც დარღვევა მქონია.

პროფესია არის პროფესია, თეატრში მოსულ მაყურებელს არ აინტერესებს ბესო ზანგური და ნინუცა მაყაშვილი როგორც წყვილი, ისინი აინტერესებს როგორც მსახიობები, რომლებიც სპექტაკლს თამაშობენ. მე მაშინ, როცა თეატრში ვიყავი, ვიყავი ჩემ საქმის პროფესიონალი და რა თქმა უნდა, ჩემს საქმეს პროფესიონალურად ვასრულებდი," - განაცხადა ნინუცა მაყაშვილმა.

ნინუცა მაყაშვილმა თეატრის ხელმძღვანელის მის მიმართ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ განსხვავებით მისი ყოფილი ქმრის - ბესო ზანგურისგან, რომელიც რობერტ სტურუას ფავორიტად ითვლებოდა, ნინუცა მაყაშვილი სტურუასთვის რიგითი მსახიობი იყო. მსახიობი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია ბრალდება, რომ ოჯახურ ძალადობაზე საუბარი მას თეატრის წინააღმდეგ წამოწყებულ ქმედებად ჩაუთვალეს:

"როგორც ყველა რიგითი მსახიობის მიმართ.  ყველა რეჟისორს ჰყავს  თავისი საყვარელი მსახიობები და არიან რიგითები, ამ შემთხვევაში ის წლები რაც მე გავატარე რუსთაველის თეატრში ვერ ვიტყვი რომ ის იყო ბედნიერი წლები. ბევრი კომენტარი წავიკითხე, რომ მე რუსთაველის თეატრს და ბატონ რობერტს დავარტყი. ძალიან მეცინება, მე რომ მდომოდა ამ თეატრის მიმართ დარტყმა ამას გავაკეთებდი 3 წლის წინ სასამართლოს გზით და აუცილებლად მოვიგებდი მორალური ზიანისა თუ ადამიანის უსამართლოდ გაშვებისთვის. ჩემი თვითმიზანი არც მაშინ ყოფილა და ახლაც როცა საუბარი დავიწყე თეატრი მით უმეტეს საერთოდ არ მახსოვდა," - განაცხადა ნინუცა მაყაშვილმა.

დღის ამბები