28 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
ფსევდოოპოზიცია თუ ალტერნატიული ოპოზიციური ძალა - გიორგი გახარიას გუნდში "ოცნების" სხვა წევრებსაც ელოდებიან

გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს პარტიიდან წასულ 6 დეპუტატს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კომუნიკაციის ფორმა დაუწუნა და პოლიტიკური წარუმატებლობა ვაშინგტონიდან უწინასწარმეტყველა.

ოპოზიციაში გადასულებმა პოლიტიკურ კრიზისზე მედიასთან დღესაც ისაუბრეს. თქვეს, რომ 2020 წლის არჩევნები არ გაყალბებულა, თუმცა ჩიხიდან გამოსვლის გზად რიგგარეშე არჩევნებსაც განიხილავენ. ნიკა მელია და გიორგი რურუა პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლებად რომ არ მიაჩნიათ - ესეც ღიად განაცხადეს. მმართველ პარტიას დღესაც შეახსენეს, რომ ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება პარტიის ოფისში შეცდომა იყო.

მმართველ პარტიაში ყოფილი პრემიერის პოლიტიკური სვლა არ აშინებთ და არც ძლიერ კონკურენტად განიხილავენ. "ქართული ოცნების" წევრებს მიაჩნიათ, რომ გიორგი გახარიას რეიტინგს პარტია განსაზღვრავდა. 

გახარიას საპარალამენტო გუნდის წევრები ამტკიცებენ, რომ ყოფილი პრემიერის პერსონალური რეიტინგი მაღალია, საკუთარ რიგებში დეპუტატებს მმართველი გუნდიდან რომ კიდევ ელოდებიან, არც ის დაუმალავათ, თუმცა არ დააკონკრეტეს. 

ხელისუფლების ოპონენტები ეჭვობენ, რომ ყოფილი პრემიერის გუნდი "ოცნებას" ვერ გაემიჯნება, მეათე მოწვევის პარლამენტში კი კიდევ ერთი ფსევდოოპოზიცია გაჩნდება, რომელიც ისევ "ქართული ოცნების" საყრდენი იქნება.

თვითმმართველობის არჩევნებისთვის ყოფილი პრემიერის გუნდს პოლიტიკური განაცხადი უკვე გაკეთებული აქვს. რა ახალი პოლიტიკური თამაშისთვის ემზადება გიორგი გახარია, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც ის საზოგადოებას ახალ გუნდსა და პარტიას წარუდგენს. პრეზენტაციის დრო და ადგილი უცნობია.

დღის ამბები