28 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
მისია დასრულებულია - ქართველი სამხედროები გმირობის არაერთი ისტორიით, ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდებიან

მისია დასრულებულია. საქართველოს შეიარაღებული ძალები NATO-ს ქვეყნებთან ერთად ავღანეთს ტოვებენ.

ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯარებს ავღანეთიდან სექტემბრამდე ეტაპობრივად გამოიყვანს, შესაბამისად სამშობლოში ბრუნდებიან ქართველი სამხედროებიც.

საქართველო ავღანეთის საერთაშორისო მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია, რომელიც ამ დროისთვის 860 სამხედროთია წარმოდგენილი და რომელმაც საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას 32 სამხედრო შეეწირა, დაჭრილი და დაშავებული იყო კიდევ რამდენიმე ასეული.

ავღანეთის სამშვიდობო მისია ჯამში 22 000-მდე ქართველმა სამხედრომ შეასრულა. მათ შორის, ბოლო 10 წელია ქვეყანა "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" უწყვეტად არის ჩართული. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველო არაერთხელ აღიარეს სანდო პარტნიორად, რაც სამხედროების რაოდენობასთან ერთად პირველ რიგში ეფექტური ჩართულობით არის განპირობებული. არსებობს გმირობის არაერთი ისტორია.

ვიდრე შემდგომი ნაბიჯები შეთანხმდება, მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი მისიას განაგრძობს. 860 კაციანი შემადგენლობა შესაძლოა როტაციას აღარ დაექვემდებაროს და ავღანეთში ბოლომდე, კონტიგენტის გამოყვანამდე დარჩეს.

მისიის ოფიციალურად დასრულების თარიღი კი მოკავშირეებისთვის უკვე ცნობილია 11 სექტემბერი - დღე, რომელმაც მსოფლიოს უახლესი ისტორია შეცვალა.

დღის ამბები