28 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
COVID-19-ის მესამე ტალღა და გაზრდილი სტატისტიკა - ინფიცირებულთა რაოდენობის დიდი ნაწილი თბილისშია დაფიქსირებული

ყველა ინდიკატორის ცვლილება ვირუსის საყოველთაო გავრცელებაზე მიუთითებს - სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ COVID-19 კიდევ ერთი ძლიერი შემოტევისთვის ემზადება. მედიკოსები პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე საუბრობენ, რომ ინფექციის გავრცელება ფართომასშტაბიან ეპიდემიაში არ გადაიზარდოს.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას ე.წ. ბრიტანული შტამის გავრცელებაც უწყობს ხელს. საქართველოში ოფიციალურად ვირუსის ახალი ვარიანტის უკვე 100-მდე დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა არ არის გამორიცხული, არაოფიციალურად საზოგადოებაში ვირუსის ახალი ფორმის კიდევ უფრო მეტი შემთხვევა იყოს. ე.წ. ბრიტანული შტამით ინფიცირებული პირები სხვადასხვა კლინიკაში გადიან მკურნალობას.

ზეწოლა კლინიკურ სექტორზე უკვე გაზრდილია, ამაზე სტატისტიკური მონაცემებიც მიუთითებს. დღეის მდგომარეობით 2 600-მდე პირია ჰოსპიტალიზირებული. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი თავიდან აიცილოს კორონავირუსის მესამე ტალღის ძლიერი შემოტევა.

ინფექციონისტები, რომლებიც პირველივე დღეებიდან ებრძვიან კორონავირუსს, დღეს მომატებული სტატისტიკიდან გამომდინარე გარკვეულ საფრთხეებზე საუბრობენ. ექიმი მაია ზალდასტანიშვილი, რომელიც ერთი თვის წინ თავად იყო ინფიცირებული, ოქტომბრის პერიოდს იხსენებს და მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სამომავლოდ რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს.

კორონავირუსის ძლიერი შემოტევა ინფექციის თავისებურებიდან გამომდინარე ყოველ 6 თვეში ერთხელ ხდება. მაშინ, როდესაც საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად მესამე ტალღის ფაზაში უკვე შესულია, ეპიდემიოლოგები საზოგადოების მაქსიმალურ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.

მოქალაქეების ქცევაზეა დამოკიდებული მოუწევს თუ არა საკოორდინაციო საბჭოს რეგულაციების გამკაცრება - პრევენციული ზომების გათვალისწინების გარდა, სპეციალისტები ვაქცინაციის მნიშვნელობას გვახსენებენ.

დღის ამბები