28 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
წლების შემდეგ გამჟღავნებული ძალადობა - ვინ უცხადებს სოლიდარობას ნინუცა მაყაშვილს და ვინ იკავებს თავს

მას შემდეგ, რაც რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობი ბესო ზანგური ყოფილმა ცოლმა ძალადობაში დაადანაშაულა, ეს თემა ქართული საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. 

უმეტესობა გმობს და სოლიდარობას უცხადებს ნინუცა მაყაშვილს, რომელმაც სიმართლის თქმა 11 წლის შემდეგ, "რუსთავი 2-ის" ეთერში გაბედა. თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც არ სჯერა, ვინც ყველაფერში მაინც ქალებს ადანაშაულებს, ან ვინც ფიქრობს, რომ ასეთ განცხადებებს ყოფილი ცოლები მხოლოდ გამორჩენის მიზნით აკეთებენ.

ამ ამბის გახმაურებისა და საზოგადოების მძაფრი რეაქციის შემდეგ, რუსთაველის თეატრმა შეაჩერა სპექტაკლი "იულიუს კეისარი", სადაც ბესო ზანგური ბრუტუსის როლს ასრულებდა. თუმცა, ჯერ გაურკვევლია რა ელის ბესო ზანგურს და დაემშვიდობება თუ არა მსახიობი ბრუტუსის როლის გარდა, რუსთაველის თეატრსაც.

გავრცელებული ინფორმაციით, ნინუცა მაყაშვილის განცხადების შემდეგ, რუსთაველის თეატრში განხეთქილება დაიწყო. ასევე, ითქვა ისიც, რომ თეატრიდან წასვლას აპირებდა სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი რობერტ სტურუა. დღეს ეს ინფორმაცია თეატრის ადმინისტრაციამ ოფიციალურად უარყო, რობერტ სტურუამ კი სოციალურ ქსელში მორიგი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ თეატრიდან არ მიდის.

სკანდალური აღიარების გამო ნინუცა მაყაშვილი შსს-ში უკვე დაიბარეს. მსახიობი ამ დრომდე უწყებაში არ მისულა. "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ მისი მიზანი არ არის ყოფილი მეუღლის, ბესო ზანგურის დაპატიმრება ან სისხლის სამართლებრივ დანაშაულში მხილება, მთავარი მისთვის ძალადობის მსხვერპლი ადამიანების მხარდაჭერა და გამხნევებაა.

დღეს ნინუცა მაყაშვილს უპირობო სოლიდარობა გამოუცხადა ქალთა მოძრაობამ. ქალთა მოძრაობა მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ დანაშაულებრივი ფაქტი.

ავტორი: ნინი კუპრაძე

დღის ამბები