28 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
პოლიციელის შეცდომამ ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა - აშშ-ში სამართალდამცველს იარაღი ელექტროშოკერში აერია

დანტე რაიტის სიკვდილი: პოლიციის თანამშრომელს ელექტროშოკერი პისტოლეტში აერია - აშშ-ში მინესოტის შტატის ქალაქ ბრუკლინში, სადაც აფროამერიკელი დანტე რაიტის სიკვდილის საქმის გამოძიება მიმდინარეობს, ინციდენტის ვიდეომასალა გასაჯაროვდა. გამოქვეყნებული ვიდეომასალა პოლიციელის ტანზე დაფიქსირებული კამერიდან არის ამოღებული.

გასულ კვირას დანტე რაიტი საგზაო მოძრაობის დარღვევის შედეგად სამართალდამცავებმა ტრასაზე გააჩერეს. აღმოაჩინეს, რომ ადრე რაიტის დაკავების ორდერი იყო გაცემული. როდესაც სამართალდამცავებმა რაიტის დაკავება სცადეს, ის ავტომობილში დაბრუნდა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელმა მისი მიმართულებით გაისროლა. მამაკაცმა რამდენიმე კვარტალი გაიარა, რა დროსაც მას სხვა ავტომობილი დახვდა და დანტე რაიტი ადგილზევე გარდაიცვალა.

ბრუკლინის პოლიციის უფროსი ტიმ გენონი გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება და აცხადებს, რომ პოლიციის თანამშრომელს ელექტროშოკერი უნდა გამოეყენებინა, თუმცა შეცდომით გასროლა ცეცხლსასროლი იარაღით განახორციელა.

პოლიციის ყოფილ თანამშრომელს კიმ პოტერს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება - მინესოტის პროკურორები მზად არიან პოლიციის ყოფილ თანამშრომელს დანტე რაიტის არა წინასწარ განზრახულ მკვლელობაში ბრალი წაუყენონ.

ინციდენტთან დაკავშირებით ბრუკლინის ცენტრში უკვე მეოთხე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლებიც აფროამერიკელი დანტე რაიტის მკვლელობამ გამოიწვია. აქციის მონაწილეები ასევე ქალაქში მოქმედ კომენდანტის საათს არღვევენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების მიხედვით ცნობილი ხდება, რომ სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სამართალდამცავებმა აქციის 40-მდე მონაწილე დააკავეს. რამდენიმე სამართალდამცავმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.

დღის ამბები