28 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ორგანიზატორები დიალოგისთვის მზად არიან და პირობად სრულ გამჭვირვალობას ასახელებენ

"რიონის ხეობის გადარჩენისთვის" დამფუძნებლის  ვარლამ გოლეთიანის თქმით, პრემიერის დავალებით დაგეგმილი შეხვედრის შესახებ მათ შემთხვევით მედიისგან გაიგეს. ვარლამ გოლეთიანი შეხვედრისთვის მზადყოფნას აცხადებს, თუმცა მთავარ პირობად სრულ გამჭვირივალობას ასახელებს. მისი თქმით, აქციის მონაწილეები დაიძვრებიან ქუთაისისკენ, შეხვედრაზე კი ორგანიზატორები შევლენ.

"ჩვენ წარმომადგენლები შევალთ, გადავიღებთ შეთანხმებას, რომ არ მოხდეს გაუგებრობა, რამეზე ხომ არ მოხდა შეთანხმება საზოგადოებისგან გვერდის ავლით. მოხარული ვიქნებით თუ მედიასაც ექნება დასწრების საშუალება. ჩვენ არ დავესწრებით თუ არ მოგვეცემა ვიდეო გადაღების საშუალება. თუ ისინი ამ ტიპის გამჭვირვალობაზე არ წამოვლენ, როცა ამგვარი საჯარო ინტერესია, ეს არის მათი პრობლემა. ჩვენი ნომერ პირველი პირობაა, რომ ესენი ალაგდეს აქედან, რომ რეპრესიულ გარემოში არ გვიწევდეს ყოფნა, შემდეგ ვნახოთ რამდენად იქნება ადეკვატური გარემო დიალოგის გაგრძელებისთვის. ვნახოთ რა სტატუსით მოდის ეს ხალხი, გადაწყვეტილების მიმღებები არიან თუ არა. ტელეფონზე და განცხადებით ამ დასკვნას ვერ გამოვიტანთ," - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია "ენკასთან" გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას და ჰესის მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვენ.

11 აპრილს პოლიციამ ნამახვანში განთავსებული აქციის მონაწილეების კარვები აიღო, რის გამოც ისინი იძულებულნი გახდნენ პროტესტი გუმათში გაეგრძელებინათ. ამ დროისთვის პოლიციას ნამახვანისკენ მიმავალი გზა რკინის ჯებირებით აქვს გადაკეტილი. აქციის მონაწილეების პირველი მოთხოვნა სწორედ ამ ჯებირების აღება და თავისუფალი გადაადგილების საშუალების მიცემაა.

დღის ამბები