28 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
მკაფიოდ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობრივ მოქმედებებს - ვარლამ გოლეთიანი

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება. რიონის ხეობაში ამ დროისთვის ისევ იმყოფებიან აქტივისტები, რიონის ხეობის მცველები და სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებს ორი მოთხოვნა აქვთ - დიალოგისთვის პრემიერთან ან მის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრა და "გუმათჰესთან" რკინის ბარიკადების აღება.

ადგილზე გაიმართა რამდენიმე მსვლელობა. მსვლელობის მიზეზი გახდა აქციაში იმ ჯგუფების მონაწილეობა, რომელთაც ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ და მსვლელობაც სწორედ ამ ჯგუფებისგან განრიდებას ემსახურებოდა. ასეთ ჯგუფებს შორისაა ვიდეო ბლოგერი დომენიკ მანგო და მისი მხარდამჭერები და "ქართული მარში".

ცოტა ხნის წინ "კურიერთან" კომენტარი გააკეთა მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" დამფუძნებელმა ვარლამ გოლეთიანმა.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მზადდებოდა პროვოკაცია იმ ადგილზე, სადაც ვმართავთ აქციას. არიან სხვადასხვა სოლიდარული ჯგუფები, რომელიც ჩვენ სოლიდარობას გვიცხადებენ. იმისთვის, რომ არ უმტყუნოთ ადამიანებს ემოციებმა და იქ არ მომხდარიყო პოლიციის მხრიდან პროვოცირება, რაღაც პროვოკაციების თავის დაზღვევის მიზნით გადმოვინაცვლეთ მეტ-ნაკლებად უსაფრთხო ადგილზე.

მკაფიოდ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობრივ მოქმედებებს. ვცდილობთ, რომ გავერიდოთ ამ პროცესებს და მშვიდობიანი ფორმით გავაგრძელოთ პროტესტი," - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი მზად არიან გაითვალისწინონ საპატრიარქოს მიმართვა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ, თუმცა მათი თქმით, ეს შეხვედრა უნდა იყოს საჯარო და კონსტრუქციული.

უახლოესი სამომავლო გეგმების შესახებ აქციის ორგანიზატორების მიერ განცხადების გაკეთება ცოტა ხანში იგეგმება.

 

დღის ამბები