რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით სოფელ გუმათში კომპანია "ენკას" ოფისთან არსებული ვითარება დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაგრძელდება, საპროტესტო აქციის მონაწილეები გონივრულ ვადაში უნდა დაიშალონ და სავალი გზა გათავისუფლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები წესრიგის აღსადგენად პროპორციულ ძალას გამოიყენებენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები კვლავ ადგილზე რჩებიან. ისინი კომპანია "ენკას" ერთ-ერთ ოფისთან იმყოფებიან და კომპანიის ტრანსპორტის გადაადგილებას ბლოკავენ. ამის პარალელურად გზაზე თავისუფლად ატარებენ სხვა ტრანსპორტს.
შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე თვეა აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და ამ პროექტის განხორციელებას რეგიონისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია "ენკასთან" გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.