28 ნოემბერი 2024,   19:58
ვრცლად
"უპირველესია, ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ" - რიონში მამაკაცის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

სოფელ ნამოხვანში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა იმერეთის  სამმართველოს უფროსმა სულხან თამაზაშვილმა. მისი თქმით, დაწყებულია გამოძიება და ყველას კითხვას მალე გაეცემა პასუხი.

"ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება. დაიწყო გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უპირველესია, ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.  სხვა დამატებით კითხვაზე გამოძიება გასცემს პასუხს"- განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

მისი თქმით, სამძებრო სამუშაოები შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მიმდინარეობს, სამუშაოებში ნავებიც ჩართეს.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცს, რომელსაც მდინარე რიონში ეძებენ, სავარაუდოდ, დეპრესია ჰქონდა - შემთხვევამდე მასთან ერთად მყოფები ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ მას დედა გარდაეცვალა. თვითმხილველები არც სუიციდს გამორიცხავენ. 

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა - ახალგაზრდა კაცი მდინარეში გადახტა და გაუჩინარდა. თვითმხილველების თქმით, ის ნასვამი იყო. ასევე, თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცი თბილისიდან იყო და ის ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ორი დღის წინ შეუერთდა.

წყალში გადახტომამდე ცოტა ხნით ადრე მამაკაცი სხვებთან ერთად ვახშმობდა, რის შემდეგაც გარეთ გავიდა, მასთან ერთად მყოფს ტელეფონი მოაწოდა და წყალში შევიდა. მისი შეჩერება ვერ შეძლეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები