28 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
საგანგაშო სტატისტიკა - საქართველოში ფუტკრის 60 % განადგურდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურგენიანში ვალერი დიდებაშვილის მეფუტკრეობაში, ბოლო პერიოდში მწერების 40 ოჯახი განადგურდა. 83 წლის ფერმერი მეფუტკრეობას უკვე 50 წელია ეწევა, თუმცა მსგავსი მასშტაბის ზარალს ვერ იხსენებს. ვალერი დიდებაშვილი მომხდარის კონკრეტულ მიზეზზე საუბრობს - ეს მავნებელი მწერების მომრავლებაა.

ვალერი დიდებაშვილი ერთადერთი არაა სოფელ გურგენიანში, ვისაც ფუტკრები დაეხოცა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა ყველა ზომას მიმართავს და მავნებელი მწერების წინააღმდეგ სპეციალურ პრეპარატებსაც იყენებს, პრობლემა გადაუჭრელი რჩება. კიდევ ერთი ადგილობრივი მეფუტკრე შალვა გელაშვილი ამბობს, რომ მავნებელზე აქამდე გამოცდილი შემწამლავი ნივთიერებები აღარ მოქმედებს. ტკიპამ, სავარაუდოდ, რეზისტენტულობა გამოიმუშავა.

მეფუტკრეობას საფრთხე მხოლოდ კახეთში არ ემუქრება. ფუტკრების მასობრივი განადგურების შესახებ ინფორმაცია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშიც დასტურდება. ფერმერები დახმარებას ითხოვენ, სპეციალისტები კი მძიმე სტატისტიკაზე საუბრობენ - ქვეყანაში ფუტკრის 60 % განადგურდა. მთავარი მიზეზი პრეპარატებია, რომელთა მიმართ ტკიპამ იმუნიტეტი გამოიმუშავა.

ფუტკრის მასობრივი განადგურების კიდევ ერთ მიზეზზე საუბრობენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. უწყებაში თვლიან რომ საჭიროა მეფუტკრეთა კვალიფიკაციის ამაღლება

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ფუტკრების 345 ათასი ოჯახიდან 200 000 განადგურდა. პრობლემა ქვეყანაში უკვე რამდენიმე წელია დგას, თუმცა გადაჭრის გზები ჯერ ისევ ბუნდოვანია.

 

ავტორი: მარიამ ქუმსიაშვილი

დღის ამბები