28 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
დაძაბულობა დონბასში - დღეს უკრაინის საზღვართან 2014 წლის შემდეგ რუსი სამხედროების ყველაზე დიდი მობილიზებაა

მსოფლოს ყურადღება კვლავ დონბასისკენ არის მიმართული. დასავლეთი რუსეთისგან პასუხისმგებლობის აღებასა და დაძაბულობის განმუხტვას მოითხოვს. თუმცა სიტუაცია განმუხტვისკენ არ მიდის. უფრო მეტიც, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი შეწყვეტის ხელშეკრულება ყოველ წუთს ირღვევა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში მხარეები ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ. ადგილზე რუსი სამხედრო ტექნიკის უპრეცენდენტო მობილიზება ამ დრომდე გრძელდება. ბოლო 24 საათში აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კიდევ 7 -ჯერ დაირღვა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი 82 მილიმეტრიანი კალიბრის ნაღმტყორცნებიდან და სხვადასხვა სისტემის ყუმბარმტყორცნებიდან გახსნეს, რის შედეგადაც დაჭრილია ერთი უკრაინელი სამხედრო.

უკრაინის საგარეო უწყებაში რუსეთის ქმედებებს მასშტაბურ სამხედრო აგრესიად აფასებენ და ამბობენ, რომ კიევი ყველა სცენარისთვის მზად არის.

დონბასში სამხედრო პროვოკაციების პარალელურად დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში ჩავიდა. უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესები განიხილეს. პრესსამსახურის ინფორმაციით რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

საკუთარი პოზიცია ერდოღანს ვლადიმერ პუტინმაც გააცნო, ორ პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა. კრემლში მიიჩნევენ რომ რუსეთის მტრის ხატად გამოყვანა უკრაინის ხელისუფლებისა და მედიის პროპაგანდის ნაწილია. პუტინის ბრალდებების პარალელურად ისევ აქტიურობს ევროპა. უკრაინის პარტნიორი სახელმწიფოები ვითარების ესკალაციაში პასუხიმგებლობას სწორედ რუსეთს აკისრებენ და მისგან საზღვარზე არსებული დაძაბულობის განმუხტვას მოითხოვენ,

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესს ანალიტიკოსები რუსეთში შიდა კრიზისით ხსნიან, რომლის გადაფარვაც პუტინს სურს. ექსპერტების აზრით მოსკოვის კიდევ ერთი მიზანი შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ურთიერთობების გაფუჭებაა.

აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია მარტის ბოლოს დაიძაბა, როდესაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან მასშტაბური სამხედრო წვრთნები წამოიწყო. სამხედრო მოქმედებებს 26 უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. დღეს უკრაინის საზღვართან 2014 წლის შემდეგ რუსი სამხედროების ყველაზე დიდი მობილიზებაა.

დღის ამბები