28 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
გამოწვევა იმაში მდგომარეობს, გავიგოთ, რა არის კრემლის განზრახვა...რუსეთი პატივს მხოლოდ ძალას სცემს - გენერალი ბენ ჰოჯესი

ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი, "კურიერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ კრემლის აგრესიულმა ქმედებებმა ყველას უნდა შეახსენოს, რომ რუსეთი პატივს მხოლოდ ძალას სცემს.

ჰოჯესი საუბრობს გამოწვევაზე, რომელიც იმ სახელმწიფოებმა უნდა გაიაზრონ და გაიგონ, ვისზეც კრემლი ძალისმიერ მეთოდებს იყენებს.

რის გაკეთებას აპირებს მოსკოვი და რა არის კრემლის განზრახვა? - ამ კითხვებზე გენერალი თავად სცემს პასუხს და მაგალითად უკრაინა მოჰყავს, რომელზეც, მისი თქმით, რუსეთი პროვოცირებას ცდილობს. 

ის, რომ დეზინფორმაცია კრემლის მიდგომის განუყოფელი ნაწილია, ამერიკელი გენერალიც ეთანხმება. 

"რა თქმა უნდა, კრემლის ძალიან აგრესიულმა და პროვოკაციულმა ქმედებებმა ყველას უნდა შეახსენოს, რომ რუსეთი პატივს მხოლოდ ძალას სცემს და ის გამოიყენებს ძალას ყველგან, სადაც უნდა. განსაკუთრებით ნატოს არა წევრი ქვეყნების წინააღმდეგ. როგორც ეს მან უკვე გააკეთა საქართველოსთან და რასაც კვლავ აკეთებს უკრაინის წინააღმდეგ 7 წელია. ეს არის შეხსენება, თუ ვინ არის რუსეთი.

ვფიქრობ, გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ძალიან უნდა გააძლიერონ ზეწოლა კრემლზე, რომ მან პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს.

რუსეთის შეირაღებულმა ძალებმა წელს, 20 უკრაინელ სამხედროზე მეტი მოკლეს ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოქმედების პირობებში. ეჭვს გარეშეა, რომ რუსეთის შეირაღებული ძალები უგულებელყოფენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ გავიგოთ რა არის კრემლის განზრახვა, რის გაკეთებას აპირებს მოსკოვი? მათ ყველაფერი აქვთ ადგილზე, რომ სერიოზული პრობლემები გამოიწვიონ, თუმცა, ჩემი განცდა ასეთია, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინის პროვოცირებას. კრემლს უნდა, რომ უკრაინა პროვოკაციაზე წამოაგოს და ამის შემდეგ იმოქმედოს.

ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ უკრაინელ სამხედროებს რუსული შეიარაღებული ძალები ახლაც კლავენ. ასევე არავინ უნდა დაიჯეროს რუსული ნარატივი, რომ თითქოს პროვოკაციები უკრაინული მხრიდან მოდის. დეზინფორმაცია კრემლის მიდგომის განუყოფელი ნაწილია,"- აცხადებს ბენ ჰოჯესი.

დღის ამბები