28 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
"ბოიკოტი არც ჩვენ მოგვწონს, თუმცა სხვა გზა არ დაგვიტოვეს" - ოპოზიციაში IRI-ს კვლევებზე საუბრობენ,  რომლის მიხედვით 60% ბოიკოტს არ ემხრობა

IRI-ს გამოკითხვის შედეგებს, რომლის მიხედვით, მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას​, ოპოზიციაში ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ბოიკოტი არც მათთვის არის მოსაწონი ფორმა, თუმცა ხელისუფლებამ "სხვა გზა არ დაუტოვა". 

"რა თქმა უნდა, ბოიკოტი არავის მოსწონს და უდავოდ ცუდი ამბავია, მაგრამ, ამავე დროს, კიდევ ერთი შედეგი ამ კვლევის არის ის, რომ გამოკითხულთა ნახევარი მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნებს, მაშინ, როცა არჩევნები ჩატარდა სულ რამდენიმე თვის წინ, ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რამდენად ღრმა კრიზისში არის შესული ქვეყანა" - ამბობს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი კანდელაკი.

მოსახლეობის ბოიკოტისადმი ნეგატიური განწყობა გასაგებია "სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრისთვის, სერგო ჩიხლაძისთვის და ამბობს, რომ პროტესტის ეს ფორმა მისთვის პირადადაც მიუღებელია, თუმცა:

"სხვა გზა აღარ დაგვიტოვა ხელისუფლებამ. ამიტომაც გვინდა მოლაპარაკება, რომ ეს მალე დასრულდეს. "სტრატეგია აღმაშენებლის" ამომრჩევლის 86% ითხოვს ვადამდელ არჩევნებს, ჩვენც ვატარებთ კვლევებს და ეს ემთხვევა ჩვენს მონაცემებს," - ამბობს ჩიხლაძე. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე კი აცხადებს, რომ  ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობა გამოკითხვის შედეგების გარეშეც ნათელია:

"ამას ყველა გრძნობს საკუთარი შემოსავლის დაცემით და [გამოკითხულთა] 76% როცა ამბობს, რომ ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს დანაზოგები და ამით ირჩენდა თავს.

არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა იყო მთავარი მიზეზი შექმნილი ვითარებისა, რაც გაამწვავა პანდემიამ და პანდემიას გავლენა უფრო მეტი ჰქონდა საქართველოზე, ვიდრე იმ ქვეყნებზე, ვისაც გამართული მონეტარული, ფისკალური და ზოგადად -  ეკონომიკური პოლიტიკა ჰქონდა," - აცხადებს რომან გოცირიძე.

დღის ამბები