28 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
სახლში მხოლოდ ორი სტუმრის მიღებაა დაშვებული - ევროპაში რეგულაციები უკიდურესად მკაცრდება

"პანდემია არ არის", "ვაქცინაცია კლავს" - ამ შინაარსის ლოზუნგებით გერმანიის ქალაქ შტუტგარტში ათასობით ადგილობრივი ქუჩაში გავიდა. პროტესტი სააღდგომო დღესასწაულებზე გამკაცრებულმა რეგულაციებმა უფრო მეტად გაამძაფრა. შეკრებილებმა, მიზანმიმართულად არ გამოიყენეს სამედიცინო პირბადეები. ამის მიუხედავად, შტუტგარტის პოლიციამ აქციის მონაწილეებს მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება მაინც მისცა. თუმცა, სამართალდამცველებმა დაჯარიმების უფლება დაიტოვეს.

გერმანია გამონაკლისი არ არის. შეზღუდვების გამკაცრებას უკვე მეშვიდე დღეა, აპროტესტებენ რუმინეთში. ბუქარესტში მოსახლეობა კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვს, რაც საღამოს რვა საათის შემდეგ მათ გადაადგილების უზღუდავს. აქციის მონაწილეების განმარტებით, ახალმა რეგულაციებმა სამუშაო საათები შეამცირა და მოსახლეობა მძიმე ეკონომიკური კრიზისში აღმოჩნდა.

საპროტესტო მუხტი გაზარდა იმ ფაქტმა, რომ აღდგომის დღესასწაულზე რეგულაციები გამკაცრდა. შედეგად, რუმინეთის ქრისტიან მოქალაქეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ტაძარში შეკრება აეკრძალათ. ქვეყნის მთავრობამ გადაწვეტილება კოვიდ-19-ის მესამე ტალღის გაძლიერებით, საავადმყოფოებისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებების გადატვირთვით ახსნეს. გაზრდილია მძიმე პაციენტების რაოდენობაც. ჯონ ჰოპკინსის მონაცემებით, რუმინეთში მილიონამდე კოვიდინფიცირების ფაქტი დადასტურდა.

მკაცრ ლოკდაუნზე უარი თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა იანვარში, მაშინ როდესაც სხვა ევროპულმა ქვეყნებმა შეზღუდვები გაამკაცრეს. თუმცა, ახლა, ქვეყანა პანდემიის ერთი წლის თავს, მესამე ეროვნული ლოკდაუნით ხვდება. მიზეზი ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მზარდი სტატისტიკაა. დაწესდა კომენდანტის საათი 19:00-დან 06:00 საათამდე. დღის ნებისმიერ მონაკვეთში კი, მოსახლეობას სპეციალური საშვი დასჭირდება იმ შემთხვევისთვის, თუ საცხოვრებელი სახლიდან 10 კილომეტრზე შორ მანძილზე გადაადგილდება. სკოლები და მაღაზიების ნაწილი ოთხი კვირით დაიხურა.

საფრანგეთში სააღდგომო საღმრთო ლიტურგია მრევლის გარეშე გაიმართა, ახალი რეგულაციებით, რომელიც ქვეყნის მთავრობამ გამოსცა, აკრძალულია რელიგიური შეკრებებიც, შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით ღვთისმსახურებას მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრნენ.

დღეს უკვე მეორედ, რომის პაპმა აღდგომაზე, ცარიელ წმინდა პეტრეს მოედანზე იქადაგა.

სააღდგომო დღესასწაულები იტალიაშიც მკაცრი ლოკდაუნის პიროებებში ჩაივლის. ქვეყნის ყველა რეგიონი წითელ ზონად გამოცხადდა. აკრძალულია განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე გადაადგილება, თუმცა ადამიანებს აქვთ უფლება, რომ სააღდგომო სადილზე 2 სტუმარი მიიღონ. დახურულია მაღაზიები, კაფეები, რესტორნები კი მხოლოდ გატანის სერვისზე მუშაობენ. საფრანგეთისგან განსხვავებით, ეკლესიები აღდგომის პერიოდში ღია იქნება. იტალიის მთავრობის ცნობით, ლოკდაუნის წესების დაცვას, დამატებით 70,000 პოლიციელი გააკონტროლებს,

რაც შეეხება ევროპაში ვაქცინაციის პროცესს -  ეს საკითხი, მიუღებლად ნელი ტემპის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კრიტიკის მიზეზი გახდა. ორგანიზაციის შეფასებით, რეგიონში წინა თვეებთან შედარებით, ვითარება გაუარესდა. ოფიციალურ სტატისტიკით, დაახლოებით 900 მილიონიდან რეგიონში მხოლოდ 10 პროცენტს აქვს ერთი დოზა ვაქცინა მიღებული.

ისრაელი ერთ-ერთი გამონაკლისია, სადაც ვაქცინაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. შედეგმაც არ დააყოვნა. მასობრივი ვაქცინაციის შემდეგ ქვეყანაში ღამის კლუბები და გასართობი ინდუსტრია კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლას იწყებს. 

დღის ამბები