"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, რუსთავის საკრებულოს დეპუტატს გიორგი მღებრიშვილს, ამ წუთებში, კლინიკა "რუსთავში" ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
მას ჭრილობა ფეხის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევა მაჩაბლის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა, სადაც კორპუსის თავმჯდომარეს ირჩევდნენ. კორპუსში ცხოვრობენ თავად საკრებულოს წევრი და კონფლიქტში მონაწილე პირიც, რომელიც დაჭრილის ნათლიის შვილია.
"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების თქმით, მომხდარი კორპუსის თავმჯდომარის არჩევას უკავშირდება და სავარაუდო დამნაშავე "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერია :
"ადამიანი, რომელმაც დაჭრა გიორგი არის "ქართული ოცნების აქტივისტი და ის ითხოვდა, რომ კანდიდატი ყოფილიყო მხოლოდ "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი. ამას მოყვა შელაპარაკება და პოლიტიკური ნიშნით მოხდა გიორგისთან ანგარისშწორება" - ამბობს ნანა შატბერაშვილი.
"რუსთავის საკრებულოს წევრი, გიორგი მღებრიშვილი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში დაჭრეს ცივი იარაღით, მიაყენეს ჭრილობა იმის გამო, რომ მოუწოდებდა "ქართული ოცნების" მომხრეებს, როგორც ყველა სხვა არჩევნები საქართველოში, მიმდინარეობს ძალადობრივ ჟანრში, ასე არ ყოფილიყო კორპუსის თავმჯდომარის არჩევა. ამას მოჰყვა კონფლიქტი,"- ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით კირკიტაძე.
ამ პოლიტიკურ ბრალდებებთან დაკავშირებით, "კურიერი" რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს დაუკავშირდა. ლევან ონიანი ამბობს, რომ ინცინდენტის შემდეგ ის დაჭრილს დაუკავშირდა, რომელმაც მასთან აღნიშნა, რომ სავარაუდო დამნაშავესთან შელაპარაკება ყოფით ნიადაგზე მოუხდა და მას არ უსაუბრია პოლიტიკურ მოტივებზე.
"არც მიკვირს "ნაციონალური მოძრაობისგან". დავით კირკიტაძემ იფიქრა და მისცა პოლიტიკური შეფასება. მე როგორც ვიცი, მეზობლებს ყოფით თემაზე მოუვიდათ კამათი და უხერხულია აქ პოლიტიკის გარევა,"- აცხადებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი.
მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავე ინდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.