28 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
თუ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც დღეს არის, გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ იქნება  კრიტიკული - პეტრას აუსტრევიჩუსი​

ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვიდან პეტრას აუსტრევიჩუსი აცხადებს, რომ საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით იმედგაცრუებულია. 

მისი თქმით, ბრიუსელი ამეჯრად ინიციატივებს თბილისიდან ელის.

"მინდა გამოვხატო ღრმა და გულწრფელი იმედგაცრუება იმის შესახებ რომ მედიაციის პროცესმა მარცხი განიცადა. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არა ევროკავშირის, არამედ ორივე მხარის, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის მარცხია. ჩვენ კრისტიან დანიელსონის ამბიციას, მიეღწია შეთანხმებისთვის, მხარს მთელი ძალისხმევით ვუჭერდით. ჩვენ ვართ მკაფიო, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ქართულ მხარეს. მათ უნდა გააკეთონ რაიმე, გააგზავნოთ მესიჯი ან შეთავაზება, რადგან ევროკავშირის მხრიდან რაიმე ახალი შემოთავაზება აღარ იქნება. სურათი ნათელია - პოლიტიკურ არასტაბილურობას საქართველო მიჰყავს არსად. ეს კი აბსოლუტურად შეუთავსებელია ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან. ჩვენ არ ვაპირებთ ამ პოლიტიკურ კატასტროფაზე, ღრმა კრიზისზე თვალის დახუჭვას. ამისთვის ყველა იმ ბერკეტს გამოვიყენებთ რაც გაგვაჩნია. მათ შორის მაკროფინანსურ დახმარებას, იმისათვის, რომ პასუხისმგებელ მხარეებზე შეთანხმების მისაღწევად ზეწოლა განვახორციელოთ.

მინდა ყურადღება მოლდოვის მაგალითზე გავამახვილო, რაც 2017 წელს მოხდა. მე მოლდოვის საკითხზე მაშინ მომხსენებელი ვიყავი. მე მოვუწოდებდი კომისიას გადაეხედა მოლდოვას რეფორმების გზა. რადგან საქმე არ ეხება მხოლოდ დაფინანსებას, აქ საუბარია სექტორულ რეფორმებზე. კანონის უზენაესობაზე, დემოკრატიაზე, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მივიდეთ საბოლოო დასკვნებამდე. ვფიქრობ, მოლდოვის მაგალითი საქართველოს შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად უნდა იყოს გამოყენებული.

მაკროდაფინანსების საკითხს დაახლოებით ოქტომბრისთვის განვიხილავთ, რაც საკმაოდ მალე იქნება. ამიტომ უნდა შეიცვალოს ბევრი რამ და პროცესი წინ წავიდეს. თუ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც დღეს არის, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ იქნება საკმაოდ კრიტიკული. მნიშვნელოვანია ასევე მეორე საკითხიც, უვიზო მიმოსვლა დამოკიდებულია ქვეყანაში დემოკრატიულ სიტუაციაზე.

როგორც ხედავთ ევროკავშირს ბევრი ბერკეტი აქვს, მაგრამ არ ვისურვებდი საქართველო ამ გზას დაადგეს. მე ვისურვებდი უფრო პოზიტიურ შედეგებს, მაგრამ სიტუაციის ნეგატიურად განვითარების შემთხევაში სხვა გზა არ გვექნება. ქართველმა ხალხმა როგორც მთავრობას, ისე ოპოზიციას უნდა გაუგზავნოს მესიჯი - შეთანხმდნენ, გაატარონ რეფორმები და მიიღონ გადაწყვეტილებები. აუცილებელია გამოვიდნენ ჩიხიდან. პოლიტიკოსებმა ხალხი ტყვედ კი არ უნდა აქციონ, არამედ ხალხს უნდა ემსახურონ,"- აღნიშნა პეტრას აუსტრევიჩუსმა.

დღის ამბები