28 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
იგოეთი, სამთავისი, ქვემო ჭალა - კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში პანდემიის ფონზე პოლიციის საკონტროლო პუნქტები გამოჩნდა

საქართველოში პოლიციის საკონტროლო პუნქტები ისევ გამოჩნდა - მიზეზი კვლავ გაუარესებული ეპიდვითარებაა.

ამჯერად სამართალდამცველები კასპის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის - სამთავისის, იგოეთისა და ქვემო ჭალის შესასვლელებთან განლაგდნენ და მოსახლეობას თერმოსკრინინგს უტარებენ, საჭიროების შემთხვევაში კი ტესტსაც გაუკეთებენ. 

სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გადავიდა ოზურგეთისა და ლანჩხუთის რამდენიმე სოფელში. პარალელურად, ამავე დასახლებებში კორონავირუსის გავრცელების გამო დღეიდან მოსახლეობის მასობრივი ტესტირებაც დაიწყო, ფოთში კი სამკერვალო ფაბრიკა ”აჭარა ტექსტილი” დაიხურა, სადაც COVID-19-ის 50-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო განათლების სამინისტრომ დღეს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს რეკომენდაციების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. პარალელურად, უწყებაში ამბობენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელთა ტესტირება 2 კვირაში ერთხელ ისევ გაგრძელდება.

მოსალოდნელი მესამე ტალღის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ფართო ლოქდაუნი არ იგეგმება. თამარ გაბუნიას თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა კოვიდშემთხვევების მატების ლოკალიზება ადგილზევე დროულად მოხდეს.

იმისათვის, რომ მეტი ადამიანი იყოს აცრილი, დღეს, საღამოს 6 საათიდან, უკვე 55 წელს ზემოთ ასაკის მქონე მოქალაქეების რეგისტრაციაც დაიწყო. პარალელურად, საქართველოში ახალ ვაქცინას ელოდებიან. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინური ”სინოფარმის" 100 000 დოზა საქართველოში ხვალ ჩამოვა.

დღის ამბები