საოკუპაციო რეჟიმს ახლა უკვე ერთით ნაკლები ტყვე ჰყავს - 36 წლის რამაზ ბეღელური ოკუპანტებს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ოთხჯერ ჰყავდათ დაკავებული. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად მას ე.წ. ჯარიმა არ გადაუხდია და ცხინვალის იზოლატორი მას შემდეგ დატოვა, რაც უკანონო პატიმრობის ვადა აღარ გაუგრძელეს. საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში ის ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ამბობს, რომ ამ დროის განმავლობაში მას კარგად ექცეოდნენ, თუმცა დაკავების დროს რუსი მესაზღვრეები დამატებითი კითხვებით ინტერესდებოდნენ.
ბეღელურისგან განსხვავებით ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ამ დრომდე რჩება ზაზა გახელაძე, რომელსაც რეჟიმმა ყველაზე მეტი, 12 წლით და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. გუშინ ის წითელმა ჯვარმა საკუთარ ოჯახს შეახვედრა. ინფორმაცია მისმა ახლობლებმა საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნით, მხოლოდ მოგვიანებით გაასაჯაროვეს. ზაზა გახელაძის მონახულება მამამ, მეუღლემ და შვილებმა შეძლეს. გახელაძის მეუღლე ამბობს, რომ პატიმრის ფსიქოლოგიური მდგომარეობა რთულია.
მთავრობაში კი ამბობენ, რომ უკანონო პატიმრების გათავისუფლებისთვის ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს. მათ შორის, ზაზა გახელაძის საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების, ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს დღეს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის სხდომაზეც, რომელიც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა და რომელსაც სახელმწიფო მინისტრიც ესწრებოდა. თეა ახვლედიანი პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით გახელაძის ოჯახის განცხადებაზე ამბობს, რომ ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს და ასეთ თემებზე საოკუპაციო რეჟიმთან არც საუბრობს.