28 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
სინანულისთვის თუ დღეს ვინმე უნდა გაუშვან ეპარქიიდან, ეს არის სტეფანე კალაიჯიშვილი - დედა სოსანა

დედა სოსანა (ბოლქვაძის) განცხადებით, ისიც და მორჩილი ნინოც, რომლებიც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრიდან გაათავისუფლა და სინანულისთვის ცაგერში მდებარე მონასტერში გაამწესა, უსამართლოდ ისჯებიან. როგორც დედა სოსანა "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, სასულიერო პირები ქრისტიანული სამართლის კანონების დაცვისთვის იდევნებიან.

დედა სოსანა განმარტავს, რომ მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქიაში დაფარული კრება სხვა სასულიერო პირებს გადააღებინა და იმის მიუხედავად, რომ კანონის თანახმად არსებული კრება არ უნდა გამჟღავნებულიყო, თავად მიტროპოლიტმა სტეფანემ აღნიშნული კრების ვიდეომასალა სოციალური ქსელით გაავრცელა.

მონაზონი მიიჩნევს, რომ მიტროპოლიტ სტეფანეზე ზნეობრივმა კომისიამ უნდა იზრუნოს და სინანულისთვის თუ ვინმე უნდა გაუშვან ეპარქიიდან, ეს სწორედ ჭყონდიდის მიტროპოლიტია.

"დღეს ჩვენ ვისჯებით იმის გამო, რომ გული შეგვტკივა დღევანდელ ეკლესიაში არსებულ და გამეფებულ უზნეობასა და უწესრიგობაზე, უსამართლობაზე.

ჩვენ, დღეს ქრისტიანული სამართლის კანონების დაცვისთვის ვიდევნებით. იმისთვის, რომ გვინდა და გვსურს სამართლიან ეკლესიაში ცხოვრება იმ ტკივილისათვის, ჩვენი მრევლის და ხალხის გულისტკივილი გვტკივა და მიგვაქვს მაღალ იერარქთან, ამაზე ვმსჯელობთ, ვსაუბრობთ და პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადმოდიან მღვდელმთავრები. ჩვენ არ ვისჯებით დღეს რაღაც მორჩილების შეუსრულებისათვის. ჩვენ დღეს ეკლესია პირდაპირ გვსჯის იმისათვის, რომ ხმამაღლა ვსაუბრობთ ჩვენს გულისტკივილზე, საქართველოს ეკლესიაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.

გვინდა ეს პრობლემები მოგვარდეს გაფართოებულ კრებაზე კანონებისა და სამართლის ფარგლებში. მეტი სხვა მოთხოვნა ჩვენ არ გვაქვს და ამ მოთხოვნისათვის ჩვენ დღეს ეკლესიიდან გვდევნიან.

მე არავის უფლებებს და პოზიციას არ ვიცავდი, მე მივედი ჩემი გულისტკივილით და ჩემი კითხვებით. მხოლოდ ამისთვის დაფარულ კრებაზე, რომელიც წესით არ უნდა გამჟღავნებულიყო ასე საქვეყნოდ. ეს არის ყველაზე გასაოცარი, რომ თვითონ სტეფანე კალაიჯიშვილი იღებდა თავისი დედების მეშვეობით ამ კრებას და თვითონ ატვირთა და გაავრცელა.

მან მონასტერში ჩამოიყვანა სვანეთსა და ცაგერის ეპარქიიდან დედები, ასევე კახეთის ეპარქიიდან მონაზვნები და მათ მისცა უფლება, რომ ეს ყველაფერი გადაეღოთ.

ის ვერ მიხვდა ისე გაავრცელა ეს ვიდეო და თავისი უკეთური სახე აჩვენა, შეურაცხყო მთელი ბერ-მონაზონთა დასი, მიაყენა უმძიმესი შეურაცხყოფა.

ვფიქრობ, რომ ასეთ მღვდელმთავარზე უნდა იზრუნოს ზნეობრივმა კომისიამ და სინანულისთვის თუ დღეს ვინმე უნდა გაუშვან ეპარქიიდან და დაატოვებინონ ყველა თავისი თანამდებობა ეს არის ამ მომენტში სტეფანე კალაიჯიშვილი,"- განაცხადა დედა სოსანა (ბოლქვაძემ).

ცნობისთვის, დედა სოსანას მიმართ უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებმა დღეს მარტვილის პოლიციაში საჩივარი შეიტანეს. საუბარია იმაზე, რომ მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის ყოფილ წინამძღვარს დედა სოსანასა და მორჩილ ნინოს ამ დრომდე არ ეძლევათ საშუალება, მონასტერში შევიდნენ და საკუთარი პირადი ნივთები გამოიტანონ.

დღის ამბები