"მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ქართული კონტინგენტის მორიგი როტაცია განხორციელდა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შესრულების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალების მორიგი ქვედანაყოფი გაემგზავრა.
ქართველი მშვიდობისმყოფელები NATO-ს ეგიდით მიმდინარე "მტკიცე მხარდაჭერის მისიას" გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა "მარმალზე" შეასრულებენ. ქვედანაყოფი როტაციის წესით აღმოსავლეთ სარდლობის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს და 6 თვის განმავლობაში მისი პასუხისმგებლობა სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება იქნება. მშვიდობისმყოფელებმა ხუთთვიანი გადასროლისწინა მომზადება გერმანიაში გაიარეს. მათ ბუნდესვერის სამხედრო ბაზებზე ასეულის დონეზე ტაქტიკური, საცეცხლე, სამედიცინო და კავშირგაბმულობის საკითხები შეისწავლეს. გერმანიაში სამხედრო სწავლებამდე კი, შესაბამისი მომზადება საქართველოში ჩაუტარდათ.
"გერმანია და საქართველო თავდაცვის სფეროში წარმატებით თანამშრომლობენ. უკვე მე-13 ქვედანაყოფს ვაცილებთ ავღანეთში, რომელმაც გადასროლისწინა მომზადება ჯერ საქართველოში, შემდეგ კი გერმანიაში გაიარა. დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების ნაკრები ასეული ავღანეთში გაემგზავრება, სადაც მაზარ-ი-შარიფში "მტკიცე მხარდაჭერის მისიას" შეასრულებს. ქართველი სამხედროები სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულებაზე იქნებიან პასუხისმგებელი. საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ავღანეთში მისიას 6 წელია ერთად ასრულებენ. მოხარულები ვართ და ძალიან გვეამაყება, რომ ქართველი ჯარისკაცების მხარდამხარ ვიბრძვით და წარმატებით ვთანამშრომლობთ. ქართველი ჯარისკაცები პროფესიონალები და მისიისთვის კარგად მომზადებულები არიან," - აცხადებს ვიცე-პოლკოვნიკი, გერმანიის სამხედრო ატაშე საქართველოში ლარს უკერვიცი.