მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის ნდობის მიღების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს მადლობა სხდომათა დარბაზის გარეთ გადაუხადა, იქამდე კი სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტები კანონმდებლებს დეტალურად, საპარლამენტო ტრიბუნიდან გააცნო. არჩევნები, როგორც რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის და საფრთხეები, რომელსაც ოპოზიცია ქვეყანას უქმნის - ირაკლი კობახიძემ საკუთარი სიტყვა ამ თემაზე საუბრით დაიწყო.
სამთავრობო პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებია. ურთიერთობების გადატვირთვა ამერიკასთან და ევროკავშირთან. სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ჩინეთთან და პრაგმატული პოლიტიკის შენარჩუნება რუსეთთან - ირაკლი კობახიძის განმარტებით, მომდევნო წლებში მთავრობა ამ პოლიტიკის ერთგული დარჩება. პრემიერის განცხადებით, უცვლელი რჩება მთავარი საგარეო პრიორიტეტი - 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება.
საგარეო პრიორიტეტების განხორციელება, პრემიერის შეფასებით, ვერ მოხდება ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევის გარეშე. ეკონომიკური სიძლიერის წინაპირობა კი ის საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებია, რომელთა განხორციელებაც ქვეყნის ტრანზიტულ როლს და დაკავშირებადობას გაზრდის. ანაკლიის პორტი, შავი ზღვის ელექტროკაბელი, მოდერნიზებული რკინიგზა, ახალი საერთაშორისო აეროპორტი, საგზაო მაგისტრალები - ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელთა განხორციელებაც პრემიერის განცხადებით, შეუფერხებლად გაგრძელდება. მთავრობის მეთაურმა სამთავრობო პროგრამის ეკონომიკური ნაწილის პრეზენტაციისას იმ ამბიციურ გეგმაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვით გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში, 2028 წლისთვის ქვეყანაში 200 000 ახალი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას. სიღარიბე კი ისტორიულ მაჩვენებელზე ჩამოვიდეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სამთავრობო გუნდის თითოეული წევრი პასუხისმგებლობას იღებს, ახალი სამთავრობო გეგმის თითოეული პუნქტის სრულფასოვან განხორციელებაზე.