26 მარტი 2025,   15:37
ვრცლად
თურქეთში პროტესტი არ წყდება, ასიათასობით დემონსტრანტი ქუჩებშია გამოსული - რას პასუხობს მომიტინგეებს ერდოღანი

პოლიციამ სტამბოლის ცენტრში დემონსტრაცია რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი აირის და წყლის ჭავლის გამოყენებით დღესაც დაშალა.

შეტაკებები იყო დედაქალაქშიც. ანკარას ქუჩებში გამოსული დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალოვნები სპეციალურ საშუალებებს მთელი ღამის განმავლობაში იყენებდნენ.

მანიფესტაციების აკრძალვის მიუხედავად, თურქეთის ყველა პროვინციაში მასობრივი დემონსტრაციები არ წყდება. სტამბოლში, ანკარასა და რიზეში ასობით ათასი ადამიანი ცენტრალურ მოედნებზე სტამბოლის ოპოზიციონერი მერის დაპატიმრებას აპროტესტებს.

ვანდალიზმის, მასობრივი არეულობის პროვოცირების და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დემონსტრაციებზე დაკავებულების რიცხვი ათასს სცდება. წინასწარი მოთავსების იზოლატორში ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ათი ჟურნალისტია გადაყვანილი.

მიმდინარე პროტესტს ეხმაურება თურქეთის პრეზიდენტი. ერდოღანი მთავარ ოპოზიციურ ძალას "რესპუბლიკურმა სახალხო პარტიას" არეულობის მოწყობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ პროტესტი ძალადობრივ მოძრაობაში გადაიზარდა.

ერდოღანს პასუხობს ოპოზიცია და მთავარი კონკურენტის პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. "სახალხო რესპუბლიკური" პარტიის ლიდერები დემონსტრაციების გაგრძელებას გეგმავენ.

სტამბოლის ოპოზიციონერი მერი სასამართლო დავების ფიგურანტი არაერთხელ გამხდარა, ის მთავარი ოპოზიციური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს. პროკურატურა მას სავარაუდო კორუფციაში და ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს. საერთაშორისო მედიის შეფასებით, იმამოღლუ ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერდოღანისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია.

დღის ამბები