
შეზღუდვები, საპირისპირო შედეგით, რომელიც აზიანებს დასავლელი პარტნიორების რეპუტაციას - ასე აფასებენ მმართველ გუნდში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები "დიფ სთეითის" მხრიდან ზეწოლისა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობაა.
თანამდებობის პირებს საქართველოში, გერმანულმა მხარემ დამატებითი შეზღუდვები დაუწესა. გადაწყვეტილების შესახებ გერმანიის საგარეო უწყებამ სოციალურ ქსელში დაწერა. მიზეზი, როგორც გერმანული მხარე განმარტავს, საპროტესტო აქციებისთვის ხელის შეშლა და მომიტინგეებზე ძალადობაა.
გერმანული მხარის პოზიციას იზიარებს ოპოზიცია. სახელისუფლებო გუნდის ოპონენტები, მსგავსი შეზღუდვების დაწესებას, ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებისგანაც ელოდებიან.
მმართველი გუნდიდან ოფიციალურ ბერლინს პასუხობენ, რომ აკრძალვების დაწესების მიუხედავად, ეროვნულ ინტერესებზე უარს არ იტყვიან. "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, ევროპული ბიუროკრატია, კონკრეტული ძალების მხრიდან ზეწოლას განიცდის, შეზღუდვების დაწესების პოლიტიკა კი მარცხისთვის არის განწირული.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გერმანიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს შეზღუდვებს უწესებს. 2024 წლის 31 დეკემბერს, გერმანიის საგარეო უწყებამ, საქართველოს ცხრა მოქალაქეს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. კონკრეტული პირების ვინაობას, გერმანული მხარე არ ასაჯაროებს.