26 მარტი 2025,   15:06
ვრცლად
"ლელოს" ლიდერები საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ - რა პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ხაზარაძე-ჯაფარიძის კანონდარღვევის გამო

დამატებითი დროის ამოწურვამდე და არაერთი კომუნიკაციის მიუხედავად, საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე მამუკა ხაზარაძის მსგავსად, ბადრი ჯაფარიძემაც საჯარო უარი განაცხადა. "ლელოს" ლიდერებმა სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს, მიზეზები კი, სოციალურ ქსელში განმარტეს. ყოფილი ბანკირები ყოფილ ხელისუფლებასთან ბიზნეს-რეკეტში თანამონაწილეობას უარყოფენ, მათი მისამართით არსებულ კითხვებს კი მხოლოდ პოლიტიკურ დევნად აფასებენ.

ხაზარაძის საკითხი პროკურატურას დღესვე გადაეგზავნა, შესაბამისი პროცედურები დაიწყო ბადრი ჯაფარიძის მიმართაც. კომისიის თავმჯდომარემ არაერთხელ განმარტა, რომ სხდომაზე არგამოცხადება "სისხლის სამართლის კოდექსის" 349-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. შეკითხვები შპს "მაგნატის" საქმის ფიგურანტების მისამართით დაზარალებული ბიზნესმენის გამოკითხვის შემდეგ უფრო მეტი გაჩნდა.

კანონით დადგენილი პროცედურების დაწყებას "ლელოში" მუქარა უწოდეს. ხაზარაძე-ჯაფარიძის კოალიციის წევრებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ გამოწვევა უპასუხოდ არ დარჩება და რომ წინააღმდეგობა უფრო გააქტიურდება

რა მოხდა წლების წინ - ამაზე თავად ალეკო ელისაშვილი სთხოვდა პასუხს მამუკა ხაზარაძეს "რუსთავი 2-ის" ეთერში. მწვავე დაპირისპირება პირდაპირ ეთერში, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში, "ლელოს" ლიდერის ბიზნესსაქმიანობას ეხებოდა.

ოპონენტების შეცვლილი პოზიციები მმართველ გუნდში არ უკვირთ, თუმცა უკვირთ, რატომ ჩადიან ორმაგ დანაშაულს ყოფილი ბანკირები საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებით.

ხაზარაძე-ჯაფარიძის საკითხზე კომისიის მიმართვას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში. საგამოძიებო კომისია პირებს ხვალ უკვე აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით გამოჰკითხავს. მანამდე კი იყო ბესიკ ხარძიანის საქმე, რომლის ქონებაც, ჯემალ ლეონიძის მსგავსად, ბიზნესმენის საპატიმროში ყოფნის დროს გადაფორმდა.

დღის ამბები