
სოფელ გეგუთში მდებარე აგრარული ბაზარი, დრეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. რამდენიმე დღის წინ კი, სავაჭრო ობიექტზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები. პოლიციამ ადგილზე დასაქმებულები გამოჰკითხა.
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება კრიმინალურ გარჩევებს უკავშირდება. სამართალდამცველებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ სავაჭრო ობიექტის მეპატრონეები, სხვა ბაზარში დასაქმებულებს, მათთან გადასვლას და მუშაობს აიძულებდნენ. იყენებდნენ კრიმინალურ გავლენებს, ემუქრებოდნენ რომ საქმეში ე.წ კანონიერი ქურდები იყვნენ ჩართულები. სქემა რომლითაც ჯგუფის წევრები მოქმედებდნენ სამართალდამცველებმა მალევე გაშიფრეს. გამოძიებამ დღეს საქმის მთავარი მტკიცებულებებიც გაასაჯაროვა.
დანაშაულის ფაქტზე შვიდი პირია დაკავებული. "კურიერისთვის" მათი ვინაობა ცნობილია. "ქურდული სამყარო"ს წევრობისთვის პოლიციამ ლაშა კვატაშიძე, მეტსახელად "კვატია" აიყვანა. "ქურდული სამყაროს" მხარდაჭერისთვის დაკავებულები არიან გურამ კილაძე მეტსახელად "კვერეცხა" და ნ.ვ იგიბე "გოტო" - ე.წ კანონიერი ქურდი. ვის გავლენებსაც ბრალდებულები მეტი დამაჯერებლობისთვის იყენებდნენ ვარლამ კუხიანიძეა, მეტსახელად "ვატია" - სწორედ ის აძლევდა მითითებებს საქართველოში მყოფ თანამოაზრეებს.
გამოძიების ინფორმაციით, ე.წ კანონიერი ქურდის დავალებით, "ვატიას" მხარდამჭერებმა, შპს "ტაბახმელა" 2023 გახსნეს, უკვე მოქმედი აგრარული ბაზრიდან მოვაჭრეების მათთან გადაყვანით კი მეტი შემოსავლის მიღება გადაწყვიტეს. გეგმა ნაწილობრივ განახორციელეს, დასაქმებულების გარეშე დარჩენილი კონკურენტი ობიექტი, ასიათასობით ლარით დაზარალდა.
სატელეფონო საუბრების მიხედვით, მოვაჭრეებს, რომლებსაც არ სურდათ ახლად გახსნილ ბაზარში მუშაობა, "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი პირები ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
"კურიერი", ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრსაც ესაუბრა. ანზორ კახაძის მეუღლე ჰყვება, რომ დაკავებულები მეგობრები არიან და "ქურდულ სამყაროსთან" კავშირი არ ჰქონიათ.
დანაშაულის ჩადენას დაკავებულებიც უარყოფენ. დრეს შვიდივე პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ, სასამართლო იმსჯელებს. ბრალი, 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.