
როდესაც გეტყვიან, რომ შეიძლება გაიარო, შეიძლება ვერა, აღსაქმელად 19 წლის გოგოსთვის ძალიან, ძალიან მძიმეა - "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "ჩემპიონები", ქართველმა პარასპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა, ოპერაციის შემდეგ გავლილ მძიმე პერიოდზე ისაუბრა.
როგორც პარასპორტსმენმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, 9 წელი იმ იდეით იყო, რომ ფეხზე გავლას შეძლებდა:
"ოპერაციამდე შედეგი არ ვიცოდი, შემდეგ გავიგეთ ეს ყველაფერი. შედეგი იყო ქვედა კიდურების პარაპლეგია, რომელმაც ეტლთან დამამეგობრა და არც თუ ისე მარტივი პერიოდი გავიარე. პირველი პერიოდი მძიმე იყო იმ მხრივ, რომ ვერ გამერკვია თუ რა ხდებოდა ჩემს თავს. ნელ-ნელა მაპარებდნენ, რომ შეიძლება ეტლი დაგჭირდეთ, ცოტა ხანს ვერ გაიაროთო, მაგრამ კარგი რეაბილიტაციის შემდეგ აუცილებლად ფეხზე დაგებითო. პირველი რასაც ჩაებღაუჭები - ეს არის იმედი, რომელიც გაძლევს იმის ფიქრს, რომ აუცილებლად გაივლი. 9 წელი ჩავეჭიდე ამ იდეას და არ ვუშვებდი არც ფიქრებს და არც ხელს. ჯარისკაცივით ვვარჯიშობდი, რეაბილიტაციას გავდიოდი, არაფერს არ მაკლებდა ოჯახი. მაგრამ, საბოლოო ჯამში მივხვდი და ვთქვი, რომ - მოდით, აქ გავჩერდეთ და გავაგრძელოთ ცხოვრებაში სხვა რაღაცის კეთებაც. როდესაც გეტყვიან, რომ შეიძლება გაიარო, შეიძლება ვერა, აღსაქმელად 19 წლის გოგოსთვის ძალიან, ძალიან მძიმეა და პირველი, რაც შენთან მოდის, აი ეგ დასრულდა. ყველა გრძნობა მოდის - სიბრაზე, სიძულვილი, ყველაზე დიდი შიში იმისა, რომ ახლა რა უნდა გააკეთო. დროთა განმავლობაში, როდესაც გაიაზრებ, რომ დამოუკიდებლობას ვერ ახერხებ და ხვდები, რომ შენ, შეიძლება საერთოდ არ იყო ვინმესთვის საჭირო - ძალიან ღრმა ჭაობში ეშვები და იქ თუ დარჩი, ძალიან რთულია იქიდან ამოსვლა," - განაცხადა ირმა ხეცურიანმა.