26 მარტი 2025,   15:33
ვრცლად
"საქართველო დღეს ნაკლები საფრთხის ქვეშაა რუსეთისგან" - შალვა პაპუაშვილმა "მაკკეინის ინსტიტუტის" დირექტორის ინტერვიუს გაიხსენა, რომელიც მან უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე გააკეთა

"საქართველო დღეს ნაკლები საფრთხის ქვეშაა რუსეთისგან, რუსეთის შემოჭრის, რუსეთის სამხედრო მოქმედების მხრივ" - "მაკკეინის ინსტიტუტის" დირექტორმა ეს ინტერვიუ "რადიო თავისუფლების" ქართულენოვან რედაქციას, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე მისცა. იმ დროს, როდესაც, რუსული ჯარი კიევის მისადგომებთან იმყოფებოდა, ეველინ ფარკასი ამტკიცებდა, რომ საქართველოში, გართულებების შემთხვევაში, პუტინს ახალი ომის წარმოება არ შეეძლო. ფარკასის ინტერვიუ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმ დამოკიდებულების საილუსტრაციოდ გამოაქვეყნა, რომელიც გავლენიანი ფონდების წარმომადგენლებს საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლების მიმართ ჰქონდათ.

შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის დამფუძნებლისა და პრემიერ-მინისტრის წარსულში გაკეთებული განცხადებებიც გაიხსენა. სადაც, ლიდერები ღიად საუბრობენ ბაიდენის ადმინისტრაციასთან დაახლოებული ფონდების მოთხოვნებზე მეორე ფრონტის გახსნასა და პარტიზანულ ბრძოლასთან დაკავშირებით. პაპუაშვილი წერს, რომ საფრთხეები სრულად ჯერ კიდევ არ განეიტრალებულა.

ეველინ ფარკასის ინტერვიუ და პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ დახურული საერთაშორისო ფონდის დირექტორი მისგან ომს ითხოვდა - ოპოზიციისთვის საკმარისი მტკიცებულება არაა. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ "იუესეიაიდი", "ნედი" და "მაკკეინის ინსტიტუტი" საქართველოში მხოლოდ კეთილშობილური მიზნით ოპერირებდნენ.

ოპოზიციას, პრეზიდენტ ტრამპის მიერ დახურულ ფონდებსა და საქართველოში "დიფ სთეითის" სტრატეგიული ინტერესების გატარებას ერთ სიბრტყეში ხედავს მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტიაში ისიც გაიხსენეს, რომ ყოფილ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, დღეს, სწორედ ის ინსტიტუტი აფინანსებს, რომლის დირექტორმაც ქვეყანაში სავარაუდო ომი მსუბუქ მოვლენად მოიხსენია. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ხელისუფლების სახელმწიფოებრივმა მიდგომამ, გარე ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, საქართველო ნგრევისა და ეკონომიკური კოლაფისსგან იხსნა.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრნენ. სამწლიანი ომის დროს ასიათასობით უკრაინელი მოქალაქე დაიღუპა. სრულიად დანგრეული და განადგურებულია ათეულობით ქალაქი, მილიონობით მოქალაქე კი სამშობლოდან დევნილად იქცა.

დღის ამბები