15 მარტი 2025,   04:30
ვრცლად
ტერორიზმისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზეა - ქვეყანა ტერორიზმის ნულოვანი დონით გამოირჩევა

ტერორიზმისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზეა. ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანა ტერორიზმის ნულოვანი დონით გამოირჩევა. ახალი მონაცემების მიხედვით, საქართველო დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ასევე ნატოს და ევროკავშირის წევრ ოცზე მეტ სახელმწიფოს უსწრებს.

ყოველწლიურ ანგარიშს განცხადებით გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყების ინფორმაციით, საქართველო ისევ იმ ქვეყნების რიგშია, სადაც ტერორიზმის ნულოვანი გავლენა ფიქსირდება.

ტერორიზმისგან თავისუფლების ინდექსის მნიშვნელობაზე საუბრობენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ რეიტინგი საქართველოს წარმატებაზე მიუთითებს, თუმცა დადებით მონაცემებში ხელისუფლების როლს ვერ ხედავენ.

ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე აკეთებენ აქცენტს "ქართულ ოცნებაში". მმართველი გუნდისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან დღეს გამოქვეყნებული ანგარიში, კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით სწორ პოლიტიკას ატარებს.

სახელისუფლებო გუნდის ინფორმაციით, კვლევებმა აჩვენა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოს რეიტინგი მსოფლიოში 59 ადგილით გაუმჯობესდა. ტერორიზმისგან თავისუფლების მიმართულებით, საქართველოს პროგრესი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, ბოლო წლებში გამოქვეყნებულ ანგარიშებშიც არის ასახული.

დღის ამბები