
პროფკავშირები "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" წინააღმდეგ - პროფესიული კავშირების გაერთიანება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს და მოუწოდებს CMC-ის სარჩელი არ მიიღოს წარმოებაში.
პროფკავშირები, CMC-ის კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევაში ადანაშაულებს და კონკრეტულ პუნქტებზე ამახვილებს ყურადღებას.
"ჩვენ შესაგებელი პასუხით და განცხადებებით ვცდილობთ შევაჩეროთ CMC-ის ეს განზრახვა და დიდი იმედი მაქვს სასამართლო გაითვალისწინებს ჩვენს განცხადებას, რომ არ დაიწყოს განხილვა გადახდის უუნარობასთან დაკავშირებით. 3 500 ოჯახი ჭიათურაში დამოკიდებულია ამ კოლექტიურ ხელშეკრულებაზე,"- აცხადებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.
კომპანიამ მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტის შემდეგ, საბოლოო ლიკვიდაციის გამოცხადების მიზნით სასამართლოს გუშინ მიმართა. საუბარია გადახდის უუნარობის საქმის წარმოებაზე:
"მიგვაჩნია, რომ პროფკავშირების ეს პოზიცია არ არის საფუძვლიანი, ვინაიდან საწარმოს გაკოტრების პროცესი არ დაწყებულა რაღაც კონკრეტული მიზნებით. ზოგადად, უკვე ბოლო წლებია მსოფლიოში ფეროშენადნობებისა და მადნის ბაზარზე მნიშვნელოვანი რყევები შეინიშნება და პროდუქციის მიწოდების ნაწილში გვაქვს პრობლემა, რადგანაც მოთხოვნა აღარ არის ძალიან დიდი. შესაბამისად, ფასიც შემცირდა და კომპანიას ამის გამო, საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს. ამას დაემატა გარე ფაქტორებიც, მათ შორის, ჭიათურის მოსახლეობის პროტესტი, რომელმაც მუშაობა ხანგრძლივი ვადით შეაჩერა, რამაც წარმოშვა კომპანიისთვის დამატებითი ხარჯები. კომპანია ამ პერიოდშიც ძალიან დიდ ხარჯებს იღებდა, როცა მუშაობა შეჩერებული იყო.
შესაბამისად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, საწარმო ფაქტობრივად ვალაუვალი გახდა, ვინაიდან აქტივების ოდენობას, მისმა ვალდებულებებმა ძალიან გადააჭარბა. დღეის მდგომარეობით, კომპანიას სხვაობა აქტივებსა და ვალდებულებებს შორის დაახლოებით 42 მილიო ლარზე მეტია. შესაბამისად, კომპანია ფიზიკურად ვეღარ ახორციელებს საქმიანობას. ამიტომ, სამწუხაროდ, იძულებული გავხდით მიგვემართა სასამართლოსთვის გაკოტრების რეჟიმის გახსნის თხოვნით,"- აღნიშნავს "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" იურისტი სანდრო სუბელიანი.