
"წლების მანძილზე, გარედან ხელოვნურად იყო თავს მოხვეული ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელმაც ეს პრობლემა კიდევ უფრო მეტად გაამწვავა," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ანტინარკოტიკული რეფორმის განხილვა მიმდინარეობს.
მისი თქმით, ამ საკითხზე საზოგადოებაში კონსენსუსი უნდა არსებობდეს, რადგან საუბარი "თაობების მომავალს ეხება".
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესებს წინ აღვუდგეთ სამართლიანი და ეფექტური და მკაცრი გზებით. თუ შენ გადარდებს შენი ქვეყნის თაობების მომავალი და ჯანსაღის ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ვფიქრობ, აქ კონსენსუსი ნამდვილად უნდა არსებობდეს საზოგადოებაში," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ანტინარკოტიკული რეფორმის განხილვა დაიწყო. კანონპროექტი, პირველი მოსმენით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განიხილება. ცვლილებების მიხედვით, სასჯელი მკაცრდება ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის. იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარება ან ის თავს აარიდებს შემოწმებას, მას სამი წლით მანქანის მართვის უფლება ჩამოერთმევა. ასევე, მას არ ექნება საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლება.