15 მარტი 2025,   01:50
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ანატოლი გიგაური კვლავ პატიმრობაში რჩება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ანატოლი გიგაური კვლავ პატიმრობაში რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. ამასთან დღევანდელ სხდომაზე პატრულ-ინსპექტორებმა და გამომძიებელმა მისცეს ჩვენება. სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ანატოლი გიგაურმა.  

"ანატოლი გიგაურის მოქმედება არის კლასიკური მაგალითი აუცილებელი მოგერიების. რაც შეეხება პოლიციელთა ჩვენებებს, რომლებიც მოდიან და რიგ შემთხვევაში ამბობენ, რომ ეს დაინახეს თვალნათლივ მათ, ხაზგასმით აღვნიშნავთ იმას, რომ არც ერთ მოქმედებას გიგაური არ გაურბის და ვადასტურებთ იმ ფაქტს, რასაც ჰქონდა ადგილი. კი ბატონო, ხელი მოუქნია პოლიციელს, რომელიც მოხვდა აწეულ ქურთუკში  და სუბიექტურია, რამდენად განიცადა ტკივილი. თუმცა, პოლიციელები, რომლებიც აქ მოდიან და აცხადებენ, რომ ეს ფაქტი მათ დაინახეს, ეს არის სიცრუე," - აცხადებს ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე. 

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება. 

"ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება და დღევანდელ პროცესზე დაიკითხა სამი მოწმე, მათ შორის გამომძიებელი, რომელმაც ისაუბრა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებზე, რომელიც მის მიერ ჩატარდა. ასევე, დაიკითხნენ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტის თვითმხილველი პატრულ-ინსპექტორები, რომლებმაც დაადასტურეს სასამართლო პროცესზე  ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი," - ამბობს თამარ იაკობიძე. 

 

დღის ამბები