
36-წლიანი კონფლიქტი და თითქმის 5-წლიანი მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება. სომხეთი და აზერბაიჯანი ორმხრივი სამშვიდობო დოკუმენტის ტექსტზე უკვე შეთანხმდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს დოკუმენტისთვის ხელი ჯერ არ მოუწერიათ, ეს პირველი ოფიციალური გადაწყვეტილებაა, რომელზეც ერთობლივად იმუშავეს. სომხეთის პრემიერ-მინისტრისთვის შეთანხმების საბოლოო ტექსტი ის კომპრომისული ვარიანტია, რომელიც არსებულ ვითარებაში მისაღებია.
ხელმოწერამდე ერევანს ბაქომ კონკრეტული ულტიმატუმები წაუყენა. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პოზიციით, სომხეთმა უნდა შეცვალოს კონსტიტუცია და აღიაროს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, რაც ბაქოსთვის მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებას ნიშნავს. ამ პირობას ერევანი უკვე დათანხმდა. ალიევის თქმით, სომხეთის მიმართ მისი ნდობა თითქმის ნულოვანია და სიტყვებზე მნიშვნელოვანი ახლა მისთვის დოკუმენტებია.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ჩვიდმეტივე პუნქტზე მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება საქართველო. განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო პლატფორმა X-ზე ავრცელებს. უწყება წერს, რომ ეს არის ისტორიული ნაბიჯი რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად. მიღწეული შეთანხმება მისასალმებელია საფრანგეთისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებისთვის, განცხადებას ავრცელებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანიც.
სანამ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებოდნენ და კონკრეტულ შედეგს მიაღწევდნენ, იყო ხანგრძლივი პროცესი. განვლილი 5 წლის განმავლობაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არაერთი შეხვედრა შედგა, უმეტეს შემთხვევაში მედიატორის როლს აშშ, რუსეთის ფედერაცია და თურქეთი ითავსებდნენ.
ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო კი, რომელმაც 44 დღიანი ომის დასრულების ინიციატივა გამოთქვა და დაპირისპირებულ მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა შესთავაზა, საქართველო იყო. 2021 წლის ივნისში თბილისის მედიაციით ბაქომ ერევანს 15 მძევალი გადასცა, სანაცვლოდ კი სომხეთისგან დანაღმული ტერიტორიების ზუსტი კარტოგრაფიული ნახაზები მიიღო.
კონფლიქტი სომხეთ აზერბაიჯანს შორის 1988 წლიდან იწყება. სხვადასხვა ეტაპზე შეიარაღებულმა დაპირისპირებებმა ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მთიანი ყარაბაღიდან ასიათასზე მეტი ადამიანი კი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე