
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა იურიდიული დახმარების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის, დავით სიმონიას განმარტებით, 2024 წლის განმავლობაში იურიდიული დახმარების სამსახურის 18 ბიურო, 42 საკონსულტაციო ცენტრი და 1 მობილური საკონსულტაციო ცენტრი ფუნქციონირებდა. სამსახურმა წარმოებაში მიიღო 21 512 საქმე, გაწეული იქნა 30000-მდე კონსულტაცია.
კონსულტაციის ფარგლებში შედგა 2 629 სამართლებრივი დოკუმენტი.
„მიღებული საქმეების რაოდენობის მიხედვით, უდიდესი წილი მოდიოდა სისხლის სამართლის საქმეებზე და შეადგენდა14369-ს. სამოქალაქო საქმეების რაოდენობამ შეადგინა 4 892, ხოლო ადმინისტრაციული სამართლის საქმეებმა - 2251“, - განაცხადა დავით სიმონიამ.
მისივე ინფორმაციით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით განსაზღვრული ბენეფიციარების დაცვის საქმეების რაოდენობამ შეადგინა 1864, ხოლო ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული ბენეფიციარების დაცვის საქმეების რაოდენობამ - 2016. იურიდიული დახმარება გაეწია 1925 პენსიონერს, 519 შშმ პირს, 536 დევნილს, ეროვნული უმცირესობის 326 წარმომადგენელს, უცხო ქვეყნის 160 მოქალაქეს.
დავით სიმონიას განცხადებით, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა 12 შეხვედრა ქალთა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან დაკავშირებით, 20 გასვლითი შეხვედრა ეთნიკურ უმცირესობებთან, 16 შეხვედრა სკოლებში ბავშვის უფლებებთან მიმართებით მოსწავლეთა ინფორმირებისთვის.
კომიტეტმა დადებითად შეაფასა იურიდიული დახმარების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში.