
აშშ-მა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება და სამხედრო დახმარება განაახლა. 30 დღის განმავლობაში შეწყდება ცეცხლიც, თუ ამერიკა მოსკოვსაც დაითანხმებს. სწორედ ამ შედეგით დასრულდა საუდის არაბეთში თითქმის 9 საათიანი მოლაპარაკება უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის.
მსოფლიო მოსკოვის გადაწყვეტილებას, თავად კრემლი კი შტატებთან კომუნიკაციას ელოდება. საუდის არაბეთიდან დაბრუნებულმა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ვაშინგტონიდან მოსკოვში ზარი დღის ბოლომდე განხორციელდება. მარკო რუბიომ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ შტატების მიზანი ომის სამუდამოდ დასრულებაა.
გადადგამს თუ არა კრემლი საპასუხო ნაბიჯებს - მოსკოვში დღეს არაერთი განცხადება გაკეთდა, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერავინ მოისმინა.
უმაღლეს დონეზე სატელეფონო საუბარი შედგება - დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან კომუნიკაციას მიმდინარე კვირაში აპირებს. ამერიკის 47-ე პრეზიდენტი კმაყოფილია, რომ უკრაინა ომის დასრულების მიზნით, ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდა, ახლა კი რუსეთის დათანხმებას შეეცდება.
უკრაინის პრეზიდენტმა საუდის არაბეთში გამართული შეხვედრა კონსტრუქციულად შეაფასა. თუმცა, მისივე თქმით, ვაშინგტონის მიერ წარდგენილ წინადადებას კიევი იმიტომ დათანხმდა, რომ მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ უკრაინას ომის დასრულება სურს. ზელენსკიმ დღეს არც სკეპტიკური განწყობა დამალა - დარწმუნებულია, რომ რუსეთი შეთანხმებას მაინც დაარღვევს.
საუდის არაბეთში მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან ევროპელი ლიდერები. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების შედეგი, შესაძლოა, უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობისთვის გარდამტეხი გახდეს. საფრანგეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა და პუტინის პასუხს ელოდება. ევროკავშირი კი მზადაა, ომის დასრულების საქმეში უკრაინასთან, შტატებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად წვლილი თავადაც შეიტანოს.