13 მარტი 2025,   02:09
ვრცლად
"ცხრა მილიონი ლარი ემსახურებოდა მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი გარემოცვის კომფორტს და ფუფუნების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას" - პროკურორი

"კორუფციაში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი უკვე არის კორუფციულ დანაშაულში მსჯავრდებული, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დადგენილია, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა კორუფციული დანაშაული, გამოხატული სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების პირადი ფუფუნების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად," - ამის შესახებ პროკურორმა, გიორგი მუჯირმა განაცხადა.

"აღნიშნული თანხა, ცხრა მილიონი ლარი, ემსახურებოდა მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრების და მისი გარემოცვის კომფორტს და ფუფუნების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ცხრა მილიონ ლარში იყო უამრავი ხარჯი, რომელიც პირად და გარემოცვის ფუფუნებას ემსახურებოდა, იქნებოდა ეს სოფო ნიჟარაძის მოგზაურობისა თუ საჩუქრების ხარჯები, იქნებოდა ეს თიკა ბოკუჩავასთვის ნაჩუქარი მობილური ტელეფონი, იქნებოდა ეს საზღვარგარეთის საკურორტო ზონებში გადახდილი თანხები, თუ სხვა კიდევ უამრავი მსგავსი დანახარჯები, რაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ემსახურებოდა მხოლოდ ფუფუნებას და არავითარ შემთხვევაში არ იყო ნაკარნახევი სახელმწიფო ინტერესებით," - განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.

"სასამართლო საუბრობს საქმის მაქსიმუმ 10 პროცენტზე და საქმის 90%-თან დაკავშირებით განმარტება არ მოგვისმენია, თუნდაც ბრონირებული ავტომობილების ხარჯზე. როდესაც ამბობს, რომ ცხრა მილიონი გაიფლანგა, პრეზიდენტის უსაფრთხოების მიზნებისთვის როცა ხდება ბრონირებული ავტომობილის ქირაობა, ეს არ არის უსაფრთხოების ღონისძიება? როდესაც ის საუბრობს, თითქოს პირად ხარჯებს ჰქონდა ადგილი, დონალდ ტრამპის, ჰილარი კლინტონის, ჯო ბაიდენისა და სხვათა გამასპინძლება პირადი ხარჯია?!" - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ 300 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა ამავე საქმეზე ბრალდებულ თეიმურაზ ჯანაშიას. ექსპრეზიდენტმა უარი განაცხადა კლინიკა "ვივა მედიდან" დისტანციურად ჩართვაზე. მოსამართლის განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა წარმოადგინა ცნობა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილმა ჩართვა არ მოისურვა და გამოჯანმრთელებამდე სხდომის გადადება მოითხოვა. პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა. წარდგენილ ბრალდებაში, ორივე პირი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

დღის ამბები