
შედეგიანი აღმოჩნდა 9-საათიანი მოლაპარაკება საუდის არაბეთში, აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის.
უკრაინა დათანხმდა, მიიღოს შეერთებული შტატების წინადადება ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ. თავის მხრივ, შტატები დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას.
მხარეებმა განიხილეს ასევე ცეცხლის შეწყვეტის დროს ჰუმანიტარული ძალისხმევის მნიშვნელობა, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლება და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება.
შეხვედრის დასრულებიდან მალევე, ორი ქვეყნის დიპლომატებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებას ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით ახლა რუსეთისგან ელოდებიან.
"ეს არის შეთავაზება — ცეცხლის შეწყვეტის წინადადება. მიზანი ისაა, რომ ეს ომი მხოლოდ მოლაპარაკებით შეიძლება დასრულდეს, რადგან მას სამხედრო გადაწყვეტა არ გააჩნია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რუსები დათანხმდებიან ამას და მიიღებენ შეთავაზებას. შედეგად, ცეცხლი შეწყდება, მკვლელობა და სიკვდილი დასრულდება, დაიწყება მოლაპარაკებები, თუ როგორ დასრულდეს ეს ომი სამუდამოდ. რუსების მხრიდან საუკეთესო ნების გამოხატვა იქნება მათი თანხმობა უკრაინელების შეთავაზებაზე, რომ შეწყვიტონ სროლა და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. თუ ისინი ამას გააკეთებენ, ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი იქნება. პრეზიდენტის განცხადებით, ორივე ლიდერი დაავალებს მთავრობის შესაბამის წარმომადგენლებს, დაასრულონ წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა", - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
ჯიდაში წარმატებული შეხვედრის შემდეგ, ვაშინგტონში უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების მორიგი შეხვედრაც დაიგეგმა.