08 იანვარი 2025,   13:13
ვრცლად
პია კაუმა მაკა ბოჭორიშვილს: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ODIHR-ის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესაბამისად…. გმადლობთ თქვენი გაგებისა და განგრძობადი თანამშრომლობისთვის

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ, საქართველოში ვიზიტის გადადების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინსტრს მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართა, სადაც მიზეზებზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება დემოკრატიული პრინციპების განმტკიცებით. 

"თქვენო აღმატებულებავ,

ვიმედოვნებ, რომ კარგად ხართ. საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, ჩემს წინა კორესპონდენციაზე დამატებით უნდა გაცნობოთ, რომ სამწუხაროდ, ვიზიტი ვერ შედგება 8-10 იანვარს, ისე როგორც ამას თავიდან ვიმედოვნებდით. ეს გადაწყვეტილება მიღებულია მიმდინარე გარემოებების საფუძვლიანად განხილვის შემდეგ.

როგორც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული და გუშინ პრემიერ-მინისტრთან კონსტრუქციულად განვიხილეთ, საქართველოს ესაჭიროება მუშაობა საარჩევნო პროცესების ეუთოს ვალდებულებებსა და საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ანგარიშის მიგნებები და რეკომენდაციები კრიტიკულია ხარვეზების აღმოსაფხვრელად და კვლავ ხაზს ვუსვამ ჩემს მტკიცე მხარდაჭერას მათი განხორციელების მიმართ.

დაგეგმილი ვიზიტის მიზანი იყო ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ამ მნიშვნელოვან რეკომენდაციებთან დაკავშირებით დიალოგის წარმართვა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის მიმართ ეუთო-ს მხრიდან ერთგულების დადასტურება. მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებ თქვენი მთავრობის სურვილს, უმასპინძლოს ჩემს დელეგაციას, მივედი დასკვნამდე, რომ არსებული პირობები არ უწყობს ხელს იმგვარ შინაარსობრივ და ინკლუზიურ დისკუსიებს, რომლებიც საჭიროა ხელშესახები პროგრესის მისაღწევად.

თუმცა მტკიცედ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რომ მხარი დავუჭიროთ ODIHR-ის რეკომენდაციების შესრულებას და წავახალისოთ დიალოგი ყველა მხარეს შორის. ველოდები საქართველოში ვიზიტისათვის უფრო  შესაფერისი დროის განსაზღვრას, როდესაც პირობები უკეთ შეუწყობს ხელს კონსტრუქციულ ჩართულობას.

ამავდროულად, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ODIHR-ის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესაბამისად და პრიორიტეტი მიანიჭოს ინკლუზიურ და კონსტრუქციულ დიალოგს ყველა შესაბამის ძალასთან. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას და მზად ვიქნებით განვიხილოთ ეს საკითხი ონლაინ შეხვედრის ფარგლებში უახლოეს მომავალში.

გმადლობთ თქვენი გაგებისა და განგრძობადი თანამშრომლობისთვის. იმედს ვიტოვებ, რომ  შევძლებთ ერთად მუშაობას საქართველოში დემოკრატიული პრინციპებისა და პროცესების განმტკიცებისათვის", - აღნიშნავს პია კაუმა წერილში.

დღის ამბები