08 იანვარი 2025,   13:17
ვრცლად
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი გადადო - პია კაუმას ამ გადაწყვეტილებას მმართველ გუნდში ოპოზიციის და მათი პარტნიორების ზეწოლის შედეგს უწოდებენ

საქართველოში ვიზიტის გადადების მიზეზი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პლატფორმა X-ზე განმარტა. პია კაუმამ დაწერა, რომ თბილისს მაშინ ეწვევა, როცა ეუთოს ჩართულობა მეტად ეფექტური იქნება.

პია კაუმას მიერ ვიზიტის გადადებას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები ოპოზიციის და მათი პარტნიორების ზეწოლის შედეგს უწოდებენ. ამბობენ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულმა კამპანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელისუფლებო გუნდის გარდა მასთან მსჯელობისთვის მზად არავინ აღმოჩნდა. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პია კაუმას ვიზიტი დროის საკითხია, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ის დღის წესრიგიდან ხსნის ლეგიტიმაციის თემას.

პია კაუმას ვიზიტის გადადებისკენ, როგორც ოპოზიციური პარტიები, ასევე მათი უცხოელი პარტნიორები აქტიურად მოუწოდებდნენ. სამმა ოპოზიციურმა პარტიამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ღია წერილი გაუგზავნა. მათთვის ვიზიტი მიზანშეწონილად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა, თუ ის ხელს ახალი არჩევნების დანიშვნასა და ბოლო პერიოდში დაკავებულების გათავისუფლებასა შეუწყობდა.

ვიზიტისთვის შერჩეული დრო შემაშფოთებელი აღმოჩნდა გიორგი გახარიას გუნდისთვისაც. კრიტიკა ისმოდა უცხოეთიდანაც. ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელმა, ჯო ვიოლსონმა პია კაუმას გეგმების გადახედვისკენ მოუწოდა, ევროპარლამენტარების ნაწილმა კი, დაანონსებული ვიზიტი უპრინციპო გადაწყვეტილებად შეაფასა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გეგმას, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სერიოზული შეცდომა უწოდა.

ოპოზიციური პარტიების და მათი უცხოელი მოკავშირეების დამოკიდებულება "ქართული ოცნებისთვის" ლუსტრაციის მორიგი მაგალითია. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ პია კაუმას კრიტიკის მიღმა, რეალურად საქართველოს იზოლაციის სურვილი და მცდელობა დგას.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში 8 იანვარს უნდა ჩამოსულიყო. პია კაუმა თბილისს მოგვიანებით ეწვევა, თუმცა ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ არ სახელდება.

დღის ამბები